ახალი ამბები

ივანიშვილი საარჩევნო დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს

9 სექტემბერი, 2012 • • 1232
ივანიშვილი საარჩევნო დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს

“პირველი არხის” ცნობით, საარჩევნო დებატებში კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტების პრემიერობის კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას და ესენი არიან: ვანო მერაბიშვილი “ნაციონალური მოძრაობიდან “, შალვა ნათელაშვილი “ლეიბორისტული პარტიიდან” და გიორგი თარგამაძე “ქრისტიან–დემოკრატებიდან”.

 

“ახლა არის საპარლამენტო არჩევნები და ლიდერები უნდა მოვიდნენ და დასხდნენ დებატებში. თუ ეს არ შეუძლია ლიდერს, მე მივეცი მათ საშუალება, მთავრობის წარმომადგენლები მოვიდნენ ერთად, ჯგუფად. მარტო მერაბიშვილი – საპენსიო ადგილზე მყოფი კაცი, ან ბაქარაძე, არ გამოვა. ეს ხელოვნურად შექმნილი დებატები არ ივარგებს, ხალხს აინტერესებს ნამდვილი დებატები რომ შედგეს  და რეალური სახე ჰქონდეს”, – აღნიშნული განცხადება ჯერ კიდევ გუშინ ჟურნალისტებთან გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე თქმით, მან თავისი პოზიცია გააცნო იმ ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომლებიც საარჩევნო დებატებს აფინანსებენ.

 

ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის დებატებში მონაწილეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ მისი ოპონენტი მიხეილ სააკაშვილი იქნება.

 

დებატების ორგანიზებაში ჩართულია ამერიკის განვითარების საერთაშორისო სააგენტო და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს, დებატების წესები საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ექსპერტის მიერ არის შემუშავებული. 

 

დებატებს საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში გადასცემს. ტრანსლაცია სატელიტური სიგნალით განხორციელდება, პირდაპირი ტელე-ტრანსლაცია მოხდება მაუწყებლის ოფიციალურ საიტზე და “ფეისბუქის” გვერდზე. დებატები მონაწილეებთან შეთანხმებული წესებით წარიმართება. 

ჟურნალისტები პოლიტიკურ დებატებს “პრაიმ-თაიმის” პრესკლუბში დააკვირდებიან. 

მასალების გადაბეჭდვის წესი