ახალი ამბები

“ბათუმობა” და “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობა ერთდროულად

7 სექტემბერი, 2012 • 1344
“ბათუმობა” და “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობა ერთდროულად

“ბათუმობა 2012” ქალაქის მერიის ორგანიზებით ტარდება. როგორც „ბათუმელებთან“ საუბრისას მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სამსახურის უფროსმა მამუკა თამაზაშვილმა განაცხადა, მერია გასულ წლებშიც გეგმავდა ბათუმობის სახალხო დღესასწაულის ჩატარებას. წლევანდელი ბათუმობისთვის კი მზადება ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო. მისივე თქმით, საეჭვო არაფერია იმ ფაქტში, რომ საკრებულომ ღონისძიებების ჩატარების თარიღი 2 დღით ადრე გამოაცხადა.

„რატომ უნდა დაგვემალა ამის შესახებ? ეს დასამალი ფაქტი არ არის. პირიქით, გვეამაყება, რომ ბათუმობის ჩატარებას საფუძველი ჩავუყარეთ. ჩვენ დიდი ხანია ვემზადებით ამ დღისთვის და სექტემბერიც განზრახ ავირჩიეთ – სეზონი მთავრდება და ეს უნდა ყოფილიყო შემაჯამებელი, დასკვნითი ღონისძიება“, – ამბობს მამუკა თამაზაშვილი.

“ბათუმობა 2012”-ის ჩასატარებლად ბიუჯეტიდან 250 000 ლარი გამოიყო. საკრებულოს ოპოზიციური ფრთა ბიუჯეტის რაოდენობაშიც და გამართვის თარიღშიც ხელისუფლების წინასაარჩევნო გეგმებს ხედავს. საკრებულოს “რესპუბლიკური პარტიის” წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ ხელისუფლება “ბათუმობა 2012”-ს “ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით ატარებს. მისი ვარაუდით, “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობა და ბათუმობა სპეციალურად დაამთხვიეს ერთმანეთს.

„მე გასულ წლებშიც ვითხოვდი “ბათუმობის” ჩატარებას, თუმცა ყოველ ჯერზე უარს ვიღებდი. მე ვთავაზობდი ხელისუფლებას, რომ ეს დღე სექტემბერში აღგვეღნიშნა, რადგანაც ისტორიულად ბათუმი სექტემბერში განთავისუფლდა დამპყრობლებისგან. მათ კი მაისში უნდოდათ მისი გამართვა, ანუ სეზონის დასაწყისში. ახლა კი ეს დღე სექტემბერში იმიტომ გადმოიტანეს, რომ წინასაარჩევნო პერიოდია, გამალებული მზადება მიდის არჩევნებისთვის. უნდათ, რომ ქალაქში საზეიმო ვითარება შექმნან, ხალხის გული მოიგონ და რაც მთავარია, ამ საზეიმო ვითარების ფონზე, უნდათ, რომ ჩაატარონ ბათუმობა, გამოიყვანენ ქუჩაში წითელ და თეთრ ფერებში ჩაცმულ გოგო-ბიჭებს და ამ დღეს მმართველი პარტიის პიარისთვის გამოიყენებენ“, – ამბობს ირაკლი ჩავლეიშვილი.

„ბათუმობა 2012“ მამუკა თამაზაშვილის თქმით, დილის 11 საათზე, გემების საზეიმო საყვირით გაიხსნება:

„პროგრამა მოიცავს კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს – არტ-ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ქვეყნის მხატვართა ნამუშევრები, შეჯიბრებები გაიმართება მეთევზეობაში, მინი-ფეხბურთში, ჭადრაკში, ნარდში, სწრაფ ცურვაში. ყველა გამარჯვებული მიიღებს ფასიან საჩუქრებს და დიპლომებს. სპეციალურად ამ დღისთვის დავამზადებინეთ წითელი და თეთრი მაისურები, რომელებზეც ეწერება “ბათუმობა 2012”. გაიმართება ცოცხალი მუსიკის კონცერტები და ფრანების შოუ“.

“ბათუმობა 2012”-ზე დასასწრებად დაძმობილებული ქალაქებიდან დელეგაციები ჩამოდიან. 40-მდე უცხოელ სტუმარს მერიის წარმომადგენლები გონიოს ციხეში უმასპინძლებენ. დელეგაციებს  თურქეთის ორი ქალაქის – იალოვას და კუშადასის და უკრაინის ქალაქ ტერნოპოლის მერი, ვიცე-მერი და სხვა ოფიციალური პირები შეადგენენ.

ირაკლი ჩავლეიშვილის თქმით, გაურკვეველია, რაში იხარჯება 250 000 ლარი, რადგანაც პროგრამა რაიმე სახის განსაკუთრებულ ღონისძიებას არ ითვალისწინებს.

„რაში სჭირდება 250 000 ლარი მეთევზეების კონკურსს ან ნარდის და ფეხბურთის ჩემპიონატს? რა პროგრამაც ვნახე, იქ სერიოზული არაფერი ეწერა, სასაცილო ღონისძიებებს ატარებენ. ეს არის ძალიან მოუმზადებელი ბათუმობა, იმიტომ, რომ არანაირი გააზრებული ღონისძიება არ ტარდება. ჯერ-ჯერობით ხელთ არ მაქვს ხარჯთაღრიცხვის ფურცელი. შემდეგში, როცა მერიიდან შემოვა შესყიდვების შესახებ დოკუმენტი, აუცილებლად ყურადღებით გავეცნობი, თუ რაში დაიხარჯა თანხა“, – აღნიშნა ირაკლი ჩავლეიშვილმა.

მამუკა თამაზაშვილი კი ოპონენტებს ურჩევს, არ განიხილონ ბათუმობა პოლიტიკურ ჭრილში და მსგავს განცხადებებს პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებს. მან ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის გადმოცემაზე უარი განაცხადა და მიზეზად მისი არქონა დაასახელა. მისივე თქმით, უცხოური დელეგაციის მასპინძლობა ფინანსურ სახსრებს მოითხოვს და ამის გამო შეადგენს ბათუმობის ბიუჯეტი 250 000 ლარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი