ახალი ამბები

ახალი მოთამაშე საქართველოში ნავთობის მოპოვების სექტორში

6 სექტემბერი, 2012 • 2432
ახალი მოთამაშე საქართველოში ნავთობის მოპოვების სექტორში

XI-H  ბლოკთან ახლოს  ნავთობს კომპანია „ფრონტერა“ მოიპოვებს. „ფრონტერას“  ბლოკზე ნედლი ნავთობის დათვლილი მარაგები 700 მილიონი კუბია. მოპოვებულია 357 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი, ხოლო ბლოკის პოტენციალი 2 მილიარდ 151 მილიონი ბარელის ექვივალენტია.  

“ტენდერის პირობების თანახმად, ELENILTO GEORGIA  უფლებამოსილია განახორციელოს ოპერირება და მოიპოვოს XI-H  ბლოკზე  გაზისა და ნავთობის რესურსები,“ – ამბობს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის მოადგილე  გიორგი ტატიშვილი.

ტატიშვილის ინფორმაციით, საერთაშორისო ტენდერი საქართველოს მთავრობამ 2012 წლის აპრილში  ოთხ ბლოკზე გამოაცხადა. გენერალური ლიცენზია სამ ბლოკზე გაიყიდა.

ტენდერში ქართულ-ბრიტანული კომპანია  „ნავთობის საერთაშორისო კონსორციუმი“ და კომპანია ELENILTO GEORGIA მონაწილეობდა. ორ ბლოკზე ლიცენზია კონსორციუმმა მოიპოვა, ერთზე  – ELENILTO GEORGIA–მ. სამივე ბლოკზე წიაღისეულის მოპოვების დაწყებიდან, 25 წლის მანძილზე ბონუსის სახით კომპანიებმა 1 მილიარდ 596 მილიონი დოლარი უნდა გადაიხადონ.

ბლოკებზე საძიებო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ნავთობის, გაზის და თერმული წყლების მოპოვების დაწყებისას,  გენერალური ლიცენზიის მფლობელებმა 110 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელონ.

ვინ იქნება ELENILTO GEORGIA–ს ტექნიკური პარტნიორი საქრთველოში, ჯერჯერობით უცნობია:

„ამ დროისათვის მიმდინარეობს ხელშეკრულების დეტალებზე საუბარი. როგორც კი ხელშეკრულება გაფორმდება, კომპანიას 6 თვე აქვს იმისთვის, რომ ბლოკზე მდგომარეობა შეისწავლოს,“- ამბობს გიორგი ტატიშვილი.

ELENILTO GEORGIA გენერალური ლიცენზიის ფასს ხელშეკრულების დადების შემდეგ გადაიხდის.

„თანხა ბიუჯეტში ჩაირიცხება, ხოლო ნავთობის აღმოჩენის  შემდეგ კომპანია ბონუსის სახით კიდევ 5 მილიონ დოლარს ჩარიცხავს. ELENILTO GEORGIA ლიცენზიის მფლობელი 25 წლით მას შემდეგ გახდება, როცა ხელშეკრულებას ხელს მოაწერს და 1 მილიონ 200 ათას ლარს  გადარიცხავს. “

კომპანია ELENILTO–ს სათაო ოფისი დიდ ბრიტანეთში მდებარეობს. კომპანია ნავთობს მოიპოვებს ლიბიაში, გვინეაში, სიერა–ლეონეში, სენეგალში, ეთიოპიაში, აფრიკაში…

საქართველოში შემოსვლით ELENILTO ევროპაში პირველ პროექტს დაიწყებს.

ამჟამად საქართველოს ტერიტორია დაყოფილია სალიცენზიო ბლოკებად, სადაც ნავთობის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებს, საერთაშორისო ტენდერებით შერჩეული ინვესტორი კომპანიები ახორციელებენ.

საქართველოში ნავთობის ძებნა-ძიებით და მოპოვებით სამუშაოებს ექვსი ინვესტორი კომპანია ახორციელებს – ”ნინოწმინდის ნავთობის კომპანია”, ”ჯინდალ პეტროლიუმ (ჯორჯია) ლიმიტედი”, ”ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენი”, ”ჯორჯია ოილ ენდ გეზი”, ”აკსაი ბი-ემ-სი”და „ვი-პი ჯორჯია“.

კომპანიები: ”კანარგო ნორიო”, კანარგო ნაზვრევი”, „სტრეიტ ოილ ენდ გეზი“, ”მარექსინი”, ”სტრეიტ (აჭარა)”, ”ტრანს ატლანტიკი”, ”საქართველოს ნავთობის კონსორციუმი” აწარმოებენ მხოლოდ  ძებნა-ძიებით სამუშაოებს.

საქართველოში წიაღისეულის მოპოვების დაწყებიდან 2012 წლის 1 ივლისამდე მოპოვებულია საშუალოდ 27.7 მლნ ტონა ნავთობი. ბოლო ათი წლის განმავლობაში კი საშუალო წლიური მოპოვება 70,6 ათასი ტონაა.

საქართველოში ნავთობის მოპოვება  გასული საუკუნის ოციან  წლებში დაიწყო. მოპოვება მიმდინარეობდა შვიდი მცირე ზომის საბადოზე: მირზაანი, პატარა შირაქი, სუფსა, ნორიო, საცხენისი, ტარიბანა და აღმოსავლეთ ჭალადიდი. ნავთობის მოპოვება წლიურად, საშუალოდ, 20-55 ათას ტონას შეადგენდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი