ნორვეგიის „გამოხატვის თავისუფლების ფონდისა“ (Institusjonen Fritt Ord) და გერმანულ ფონდ „ცაიტის“ (Zeit-Stiftung) მიერ დაწესებული ევროპული პრესის ჯილდო 2016 წელს 3 ჟურნალისტს გადაეცემა. ჯილდოს გადაცემის ცერემონია პირველად თბილისში გაიმართება.
ჯილდოს მიიღებენ სეიმურ ჰაზი აზერბაიჯანიდან, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, ელენა მილაშინა რუსეთიდან და ნაში გროში უკრაინიდან.
გერმანული Zeit-Stiftung და ნორვეგიული Stiftelsen Fritt Ord ყოველწლიურად გასცემენ 3 ჯილდოს, რომელთა მიღებაც შეუძლიათ დამოუკიდებელ ჟურნალისტებს ან მედიასაშუალებებს რუსეთიდან, უკრაინიდან, საქართველოდან, ბელორუსიიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. “ნეტგაზეთი” პრესის ევროპული ჯილდოს მფლობელი 2015 წელს გახდა, ხოლო გაზეთი “ბათუმელები”- 2009 წელს.
დაჯილდოების ცერემონიალი 24 და 25 ნოემბერს კონფერენციის ფარგლებში გოეთეს ინსტიტუტში გაიმართება, კონფერენცია ზემოთ აღნიშნულ ქვეყნებში ჟურნალისტიკისა და მედიის დამოუკიდებლობას ეხება.
პრიზიორებს ჟიური ირჩევს, რომელიც 6 წევრისაგან შედგება: ანე ტუსვიკ ბონდე (Eastern Europe and Caucaus des Human Rights House Oslo-ს რეგიონალური მენეჯერი), ელის ბოტა (გაზეთ ZEIT-ის მოსკოვის კორესპონდენტი), გური ნორსტრომ (ბერლინში ნორვეგიული ტელევიზიის კორესპონდენტი), მარტინ ბერგენ (ბერგენის უნივერსიტეტი), შტეფანი შიფერ (Europäischer Austausch in Berlin, დირექტორი) და შტეფან ვაკვიც (საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი, დირექტორი).





