ნეტგაზეთი | ლარი კინგი ‘მეცხრე არხის’ მრჩეველთა საბჭოში ლარი კინგი ‘მეცხრე არხის’ მრჩეველთა საბჭოში – Netgazeti
RU | GE  

ლარი კინგი ‘მეცხრე არხის’ მრჩეველთა საბჭოში

“ქართული დამოუკიდებელი ტელეკომპანია “მეცხრე არხი” საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ქმნის”, – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი დღეს, 5 სექტემბერს ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, მრჩეველთა საბჭო ხუთი წევრისგან შედგება, რომელთა შორის არიან: 1. ლეს გელბი, საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს საპატიო პრეზიდენტი, გაზეთ “ნიუ-იორკ თაიმსის” საერთაშორისო კორესპონდენტი და სარედაქციო გვერდის რედაქტორი; 2. ლი ჰამილტონი, ყოფილი კონგრესმენი, 11 სექტემბრის კომისიის თანათავმჯდომარე და “ვუდროუ ვილსონის ცენტრის” ყოფილი პრეზიდენტი; 3. ლარი კინგი, CNN-ზე „ლარი კინგის შოუს” წამყვანი და ქველმოქმედი; 4. გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი; 5. რობერტ მენარდი, ფრანგი ჟურნალისტი და პრესის თავისუფლების საერთაშორისოდ აღიარებული დამცველი.

“ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ მენეჯმენტი და თითოეული თანამშრომელი მოხარულია, რომ არხის მრჩეველთა საბჭოში ესოდენ გამორჩეული ადამიანები, საერთაშორისო ჟურნალისტები, მაღალი რანგის ყოფილი სახელმწიფო მოხელეები და ადამიანის უფლებათა დამცველები შევიდნენ. „მეცხრე არხი” ეყრდნობა მრჩეველთა საბჭოს წევრებს, რათა მათ უზრუნველყონ და დაიცვან არხის სარედაქციო დამოუკიდებლობა, დაეხმარონ „მეცხრე არხს” გაამყაროს საქართველოში პრესის თავისუფლება და დაიცვას დამოუკიდებელი აზრის თუ შეხედულების გამოხატვის უფლება,“ – ტელეკომპანიის დირექტორის, კახა ბექაურის განცხადებას ავრცელებს “მეცხრე არხი”.

ტელეკომპანიამ გაავრცელა საბჭოს წევრების, მათ შორის ლარის კინგის კომენტარიც:

“მეამაყება, რომ „მეცხრე არხის“ მრჩეველთა საბჭოს წევრი გავხდი. როგორც ჟურნალისტისა და მედიაკომენტატორისთვის, ჟურნალისტთა უფლებების დაცვა, პრესის თავისუფლების უზრუნველყოფა და ადამიანის უფლებების დაცვა მსოფლიოს მასშტაბით ჩემი კარიერის ქვაკუთხედს წარმოადგენს. „მეცხრე არხი“, როგორც ნებისმიერი სხვა, ახალი, დამოუკიდებელი ახალი ამბების გამავრცელებელი ორგანიზაცია, აწყდება უპრეცედენტო გამოწვევებს საქართველოს ხელისუფლებისგან, რაც ხელს უშლის მის მისიას – ემსახუროს საქართველოს მოსახლეობას, როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი საინფორმაციო და მედიაწყარო. მისი ახალგაზრდა და იდეალისტური პერსონალი იმსახურებს იმ ამერიკელებისა და ევროპელების მხარდაჭერას, რომლებიც მათ მისიას იზიარებენ”.

“მეცხრე არხი” ასევე აქვეყნებს ყოფილი კონგრესმენის, ლი ჰამილტონის განცხადებას:

“მე, როგორც საქართველოში მიმდინარე მოვლენების გრძელვადიანი დამკვირვებელი, საკმაოდ მაშფოთებს მთავრობის მიერ დამოუკიდებელ მედიაზე განხორციელებული ზეწოლა და ყოველგვარი ის ძალადობა, რაც თავისუფალი პრესის განვითარებასა და მოქალაქეების მიერ თავისუფალი აზრის გამოხატვას ზღუდავს. “მეცხრე არხი” წარმოადგენს ახალ, მნიშვნელოვან, დამოუკიდებელ ხმას, რომელიც იცავს საქარველოს მოსახლეობის უფლებებს. მოუთმენლად ველი ჩემს კოლეგა-საბჭოს წევრებსა და “მეცხრე არხის” ხელმძღვანელობასთან მუშაობას, რომლის მთავარ მიზანს თავისუფალი სიტყვისა და აზრის დაცვა წარმოადგენს.”

ტელეკომპანიისვე ცნობით, ლეს გელბსმა, საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს საპატიო პრეზიდენტმა, გაზეთ “ნიუ-იორკ თაიმსის” საერთაშორისო კორესპონდენტმა და სარედაქციო გვერდის რედაქტორმა განაცხადა:

“თავის დროზე ამერიკელი ხალხი ვარდების რევოლუციის პრინციპებსა და იდეალებს – ქართველ ხალხს ეცხოვრა სიმშვიდეში და თავი დაცულად ეგრძნო საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში – სიტყვით და საქმით მხარს უჭერდა. როგორც ჟურნალისტი, ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამ საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიული ღირებულებებისა და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ხელყოფის გამო. ტელეკომპანია “მეცხრე არხი” დამოუკიდებელი და თავისუფალი საინფორმაციო საშუალებაა, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ემსახურება. როგორც ტელეკომპანიის მრჩეველთა საბჭოს წევრი, მხარს ვუჭერ მედიის თავისუფლებას საქართველოში.”

“მიუხედავად იმისა, რომ “მეცხრე არხის” ფინანსურ უზრუნველყოფას ცნობილი ქართველი მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის მეუღლე, ეკატერინა ხვედელიძე ახორციელებს, ტელეკომპანია დამოუკიდებელია პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნებისგან” და საქართველოს მოსახლეობას, ობიექტურ, ფაქტებზე ორიენტირებულ, მიუკერძოებელ და უტყუარ ინფორმაციას აწვდის”, – ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ “მეცხრე არხმა” საცდელი მაუწყებლობა 2012 წლის 30 აპრილს დაიწყო და მას ფლობს კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ცოლი ეკატერინა ხვედელიძე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge