ფინანსთა ყოფილი მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, იგი ეთანხმება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი კვირიკაშვილს, რომ ფინანსთა სამინისტროში ცვლილებები საჭირო იყო, ასევე ამბობს, რომ მისი მომავალი საქმიანობის შესახებ სწორედ კვირიკაშვილი გააკეთებს კომენტარს:
“აბსოლუტურად ვიზიარებ პრემიერის ხედვას, რომ საჭირო იყო ცვლილება ფინანსთა სამინისტროში, ახალი ფინანსთა მინისტრი წარმატებით გააგრძელებს იმ რეფორმებს, რომლებიც ჩვენ დავიწყეთ. მე ვარ გუნდის წევრი, ვარ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ხოლო მომავალი საქმიანობის შესახებ პრემიერ-მინისტრი გააკეთებს განცხადებას. ერთი რამ შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ მეტი დრო მექნება ჩემი საყვარელი საქმიანობისათვის და ჩემს საყვარელ სტუდენტებთან კომუნიკაციისთვის”,- განაცხადა ხადურმა მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენისას.
ნოდარ ხადურის ნაცვლად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, 22 ნოემბერს ფინანსთა მინისტრის პოსტზე დიმიტრი ქუმსიშვილის კანდიდატურა წარადგინა, რომელიც აქამდე ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა. ნოდარ ხადური ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე 2012-16 წლებში იყო.