ახალი ამბები

ძლიერმა ქარმა ქუთაისი დააზარალა

22 ნოემბერი, 2016 • 19570
ძლიერმა ქარმა ქუთაისი დააზარალა

მესამე დღეა ქუთაისში ძლიერი ქარია, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია და წყალი არ მიეწოდება.

ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, 20 ნოემბრიდან 22 ნოემბრამდე ძლიერმა ქარმა რამდენიმე ხე წააქცია, სახურავი გადახადა ორ საცხოვრებელ კორპუსს და ორ სახლს, ასევე, 31-ე საჯარო სკოლას.

მერიაში განმარტავენ, რომ  ზარალის დამთვლელი კომისია უკვე არსებობს, თუმცა სრულად დათვლა ვერ ხერხდება, რადგან ჯერ კიდევ ძლიერი ქარია.

ფოტო: ქუთაისის მერიის პრესსამსახური

ფოტო: ქუთაისის მერიის პრესსამსახური

ქუთაისელების ნაწილი ფეისბუკზე წერს, რომ წყალი რამდენიმე დღეა არ მიეწოდებათ, რასაც არ ეთანხმება “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” ქუთაისის სერვისცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ტურბელაძე. მისი განცხადებით, უბნების ნაწილს წყალი 4-საათიანი გრაფიკით მიეწოდება, ნაწილს 8-საათიანი გრაფიკით, ხოლო ნაწილს 24-საათიანი წყალმომარაგება აქვს:

“საერთოდ რომ არ მიეწოდებოდეს, ეგეთი უბანი არ არის. ჭომასა და გორას, ასევე ავტოქარხანას 24-საათიანი წყალმომარაგება აქვს. ზოგიერთი ამბობს, რომ სამი დღეა წყალი არ აქვს, რასაც ვერ დავეთანხმები. ჩვენი სამსახურის მხრიდან გულგრილობას და უყურადღებობას ადგილი არ აქვს.”

ირაკლი ტურბელაძის განცხადებით, გრიგალმა მოგლიჯა ხეები და დააზიანა ელექტროსადენები:

“წყლის 80 პროცენტი მოიპოვება ფარცხანაყენების სათავე ნაგებობიდან. აქ დაწყდა ელექტროკაბელები. მაქსიმალური სიმაღლე, სადაც ქუთაისს წყალს ვაწვდით, არის 301 მეტრი. დენის გარეშე ვერც ერთი ტურბო-აგრეგატი მუშაობს, 36 ტურბო-აგრეგატი არ მუშაობს. სტიქიამ ელექტროსისტემა ძალიან დააზარალა და როგორც კი ეს პრობლემა მოიხსნება, ჩვენც სრულად აღვადგენთ მიწოდებას.”

ტურბელაძე განმარტავს, რომ დღის განმავლობაში ქალაქის ერთ ნაწილს მიეწოდებოდა წყალი, ხოლო დღის ბოლოს მეორე ნახევარს მიაწოდებენ:

“რიონის ერთ ნაპირს მივაწოდეთ. საღამოს ნიეკას, ავანგარდს და გუგუნავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიას აღუდება. თუ ქარმა კიდევ სიურპრიზი არ შემოგვთავაზა, ვფიქრობთ, რომ უახლოეს 24 საათი აღვადგინოთ ის სისტემა, რა სისტემითაც აქამდე ვაწვდიდით, ანუ გრაფიკები იქნას დაცული. ელექტრობის აღდგენაზე მუშაობენ, ტექნიკას უჭირს მუშაობა, ამწე ლამის გადაყირავდა გუშინ და ადამიანის სიცოცხლე ყველაზე ძვირფასია.  ასეთი რისკის გაწევა არ მინდა.”

“ენერგო პრო ჯორჯიას”  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ავთო დვალიშვილი აცხადებს, რომ წყალმომარაგების კომპანიას ელეტროენერგიის მიწოდების პრობლემა არ აქვს:

“ჩვენი მხრიდან ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა მათ არც გუშინ ჰქონიათ და არც დღეს. მათ საკუთარი ქვესადგური და ფიდერი აქვთ, რომელსაც ჩვენი მხრიდან დენი მიეწოდება,” – ამბობს ავთო დვალიშვილი.

 „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებული  განცხადებით,  ტექნიკური სამსახური საგანგები რეჟიმში მუშაობას განაგრძობს:

“ქუთაისის ენერგომომარაგება თითქმის სრულად არის აღდგენილი. უამინდობის გამო ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება აბონენტების მცირე ნაწილს. აღნიშნული აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა უახლოეს საათებში მოხერხდება.  შედარებით რთული მდგომარეობაა სამტრედიის, ხონის, ვანის, თერჯოლისა და წყალტუბოს რაიონებში, სადაც კომპანიის სხვა ფილიალებიდან გადმოყვანილი დამატებითი ტექნიკური ბრიგადები საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. სამეგრელოს რეგიონშიც ყველა რაიონულ ცენტრს მიეწოდება ელექტროენერგია, თუმცა დარჩენილია აბონენტების მცირე ნაწილი ზუგდიდის, სენაკის და ხობის რაიონის სოფლებში,” – აღნიშნულია  განცხადებაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 – დან 24 ნოემბრამდე კავაკასიის ჩრდილო – აღმოსავლეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე (უმეტესად ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცემა. მოსალოდნელია თოვა. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი – სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი. სააგენტოს ცნობით, ქუთაისში ქარის სიძლიერე შედარებით შესუსტდება  და 22 – 23 ნოემბერს 28 – 30 მ/წმ  იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი