ახალი ამბები

რატომ არის კახა კალაძე “ოცნების” სიის სათავეში

31 აგვისტო, 2012 • • 918
რატომ არის კახა კალაძე “ოცნების” სიის სათავეში

“კახა კალაძე ძალიან ნიჭიერი კაცია. ძალიან თავდადებული. მე მახსოვს პირველი შეხვედრა მასთან და როდესაც ვკითხე, მე მაქვს სურვილი გვერდით დაგიყენო, გამაწყვეტინა და მითხრა, რომ როგორც შეგიძლიათ, იქ დამაყენეთ, სადაც დამაყენებთ, თანახმა ვარ, თავზე რომ დამაყენოთ, თავზე დავდგები და ვიქნები თქვენს გვერდით. იმ დღიდან მოყოლებული, ეს პოზიცია უჭირავს მუდამ. ერთადერთი, რაც აკლია კახის, ეს არის მისი გამოცდილება პოლიტიკური და პარტიული მუშაობის მხრივ, თუმცა, ამას ისიც თვითონ გაიგებს და მეც დავაკვირდები”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა დღეს, 31 აგვისტოს, საარჩევნო ბლოკის სიის წარდგენისას.

ივანიშვილმა კალაძის სიის სათავეში ყოფნის რამდენიმე მიზეზი დაასახელა.

“რატომ კახი პირველ ნომრად? ამას დიდი დატვირთვა აქვს. ის ახალი სახე გახლავთ ამავდროულად, ესეც საინტერესოა. ხალხი ძალიან ითხოვდა ახალ სახეებს და ამასაც ძალიან კარგად აკმაყოფილებს კახი კალაძე.

კიდევ იმიტომ, რომ ჩვენს პარტიას ნახევარზე მეტი ხმა უნდა ჰქონდეს კოალიციაში, ესეც დავიცავით. ამ მხრივაც კარგი თანხვედრაა, რომ რამდენადაც ლიდერია ჩვენი პარტია, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” იმდენად, უნდა წარმოდგენილიყო თუ გნებავთ პირველი პირი ჩვენი პარტიიდან. ეს ლოგიკურია”, – განაცხადა ივანისვილმა და დასძინა, რომ მისი მთავარი არჩევანი არის ის, რომ კალაძე არის ძალიან დამსახურებული და სხვა ფორმალურ ნაწილებსაც ძალიან  კარგად აკმაყოფილებს მისი პირველ ნომრობა.

“მანანა კობახიძისა და კახი კალაძის შემდეგ სიაში მოდიან გამოცდილი პოლიტიკოსები. მათგან ძალიან კარგად წარმოგიდგებათ ირაკლი ალასანია. ალასანია სიაში მესამე ნომერია, შესაბამისად, ძველი, გამოცდილი პოლიტიკოსებიდან ძალიან ლოგიკურად დასახელდა ალასანია ამ ადგილზე”, – ამბობს ივნიშვილი.

    

მასალების გადაბეჭდვის წესი