ახალი ამბები

ქუთაისში ტრანსგენდერთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

20 ნოემბერი, 2016 •
ქუთაისში ტრანსგენდერთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

დღეს, 20 ნოემბერს, ქუთაისში ტრანსგენდერთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღნიშნეს და გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალების – ბიანკა შიგუროვასა და საბი ბერიანის ცხოვრების ამსახველი მოკლე დოკუმენტური ვიდეორგოლები აჩვენეს.

ღონისძიება 18:30 საათზე მონპლეზიერის თაღის ქვეშ  გაიმართა, რომლის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობის” ქუთაისის სათემო რესურსცენტრი იყო. აქციაზე 20 ადამიანი მივიდა და გარდაცვლილ ტრანსგენდერთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნად სანთლები დაანთეს.

ტრანსგენდერთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს მსოფლიო 1999 წლიდან, 20 ნოემბერს აღნიშნავს. ტრანსგენდერთა ხსოვნასთან დაკავშირებული ღონისძიება პირველად 1999 წელს სანფრანცისკოში განხორციელდა, ტრანსგენდერი ქალი რიტა ჰესტერის მკვლელობის წლისთავზე.

აქციის ორგანიზატორების ცნობით, ღონიძიების გზავნილი იყო ის, რომ  ტრანსგენდერი ადამიანები ლგბტ თემის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, საზოგადოების მხრიდან აგრესიის გამოვლინების ხარისხი ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ საკმაოდ მაღალია და მსგავსი ძალადობრივი პრაქტიკების არსებობა პირდაპირ კავშირშია ქვეყნის სოციალურ-კულტურულ გარემოსთან.

_MG_2547

მასალების გადაბეჭდვის წესი