პრეზიდენტის თქმით, სპეცოპერაცია, რომელიც მძევლად აყვანილი 5 ლაფანყურელი ახალგაზრდის გათავისუფლების მოტივით დაიწყო ლოპოტას ხეობაში 28 აგვისტოს და დღემდე არ დასრულებულა, ძალიან რთული იყო:
“ურთულესი ხეობაა. ისეთი რთული ხეობაა, იმდენი ჩასახვევ–ჩამოსახვევია, რომ ხუთ, შვიდ, ათ და ოც კაცს შეეძლება ყველაფერი გააკეთოს ისე, რომ მათ 3 000 რომ მიაყენოთ, არაფერს არ ნიშნავს მათთვის ეს რაოდენობა… აქ ოცი კი არა, ხუთი რომ გამაგრებულიყო, მაგის განეიტრალება გაჭირდებოდა, მაგრამ ჩვენი ბიჭები, სპეცრაზმელები, ძალიან გმირულად მოიქცნენ, მათ შორის თავისი სიცოცხლის ფასად, მაგრამ აქ რომ მშვიდობა იყოს, ამისთვის, მათ შორის, ჯარისკაცები იხდიან სიცოცხლის ფასს, მაგრამ ბევრად უარესია, რომ ეს დაგვეშვა. მერე რა მოხდებოდა, ყველამ კარგად ვნახეთ ათი წლის წინ, მერე შეიძლება აქ ყველა მოედოს და ისევ დაიწყოს კრიმინალი, გატაცება, უბედურება”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ამ ოპერაციით მოსახლეობამ დაინახა, რომ ხალხი დაცულია საქართველოში:
“იქითაც ჩვენი ძმები არიან – ქედს იქით, მაგრამ ჩამოვიდნენ, როგორც ყოველთვის დადიოდნენ – მშვიდობიანად, სამეგობროდ, სავაჭროდ, საურთიერთოდ. სუფრაზე დიდი სიამოვნებით ყველას მივიღებთ, მაგრამ ახლა იარაღით გამოვისეირნებ, ყველას დავიჭერ, ვისაც მინდა ავიყვან, რასაც მინდა ვიზამ და თქვენ არაფერი არ ქნათ, ეს ვის ინტერესებში შედის, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ჩვენი მტრის, საქართველოს დამპყრობლის.
დრო და ადგილი შეეშალათ, ვინც გადმოვიდა აქეთ და მეორეც, ხელის აღმართვა ჩვენს ხალხზე არავის არ ეპატიება. როგორია ახლა, რომ ვიღაც დაგადგება თავს და რაღაც მიზეზებისთვის წაიყვანს ვინმეს. პირუტყვის წაყვანა არ შეიძლება და ადამიანის წაყვანა როგორ შეიძლება?!
მე ვფიქრობ, კახეთის ხალხი და თქვენც მათ შორის დარწმუნდით, რომ საქართველოში ხალხი დაცულია.”
შეგახსნებეთ, საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე სპეცოპერაციას 3 სპეცრაზმელი და შეიარაღებული ჯგუფის 11 წევრი ემსხვერპლა.