ახალი ამბები

სააკაშვილი: ყველაფერი მოგონილი ჰგონიათ იმიტომ, რომ მათ არ გააჩნიათ ღირსება

30 აგვისტო, 2012 • • 1133
სააკაშვილი: ყველაფერი მოგონილი ჰგონიათ იმიტომ, რომ მათ არ გააჩნიათ ღირსება

“კარგად გამოძვრა. ის აფეთქდა ნაღმზე. ინფორმაცია მოვიდა მაშინვე, ჩვენ ვიცოდით, რომ ნაღმმა ფეხი მოაგლიჯა და სისხლისგან იცლებოდა. გიჟს ვგავდი, რომ არ ვიცოდი, რა მოუვიდოდა მას. 3 საათი მოყავდათ. შენ დაიჭერი სადღაც ღამის 2–ზე და დილის 6–ის ნახევარზე მითხრეს, რომ ჩამოვიყვანეთო. ყოველ თხუთმეტ წუთში ვკითხულობდი შენს მდგომარეობას და პასუხს ვერ მეუბნებოდნენ. ძალიან ვიწრო ხეობაა, ძალიან შორს იყვნენ ესენი გადასხმულები. მისი გამოყვანა იყო ძალიან რთული ოპერაცია იმიტომ, რომ  ყველაზე შორეულ წერტილში გადაისროლეს, ხეობის მეორე მხარეს. ის ადამიანები, რომლებიც მის გამოყვანაზე მუშაობდნენ, ერთ–ერთი შეეწირა, ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე. ადამიანი, ვინც იქ მიდიოდა პაციენტის გადასარჩენად, პაციენტი გადარჩა და მის მაგივრად ის დაიღუპა. ეს არის გმირობის ნათელი მაგალითები. ჩვენ ჩვენს მებრძოლებს არსად არ ვტოვებთ, ეს არის ჩვენი მთავარი პრინციპი”, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ეს ის სპეცრზმელები არიან, ვინც ჩაენაცვლნენ მძევლებს.

“ჩვენი მესაზღვრეები და პოლიციის თანამშრომლები ადგილობრივ ბიჭებს ჩაენაცვლნენ ძალიან დიდი რისკის ფასად იმიტომ, რომ ისინი ბევრად ნაკლებად დაცულნი იყვნენ შემოსული ჯგუფის განზრახვებისგან”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, არსებობენ უღირსი ადამიანები, რომლებსაც ეს ყველაფერი დადგმული, ჩაწყობილი, ყურით მოთრეული ჰგონიათ.  

“იმ ხალხს, ვისაც საკუთარი ღირსება არ გააჩნია და ჰგონიათ, რომ სხვასაც არ აქვს ღირსება, ყველაფერი ჰგონიათ დადგმული, ჩაწყობილი, ყურით მოთრეული, იმიტომ, რომ თვითონ, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, არ გააჩნიათ ღირსება და ვერ წარმოუდგენიათ, რომ შეიძლება ადამიანს უყვარდეს სამშობლო და მისთვის წირავდეს თავს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტთან ერთად ღუდუშაურის კლინიკაში დაჭრილი სპეცრაზმელი ჯამრთელობის დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმაც მოინახულა და აღნიშნა, რომ დაჭრილი ოთხი პიროვნება ამ წუთებში გორში მკურნლობენ.

“გორში ვიყავი, ბატონო პრეზიდენტო, ბიჭები იქაც ოთხნი არიან. ნაოპერაციევი, ერთ პალატაში არიან და ასევე მხნედ არიან.  ოპერაცია გაუკეთდათ მათ, მხარზე, ბარძაყზე და მათი მდგომარეობაც ნორმალურია”, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

 

საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეიარაღებული დაჯგუფების მიმართ დევნის ოპერაციის განხორციელების დროს დაიღუპა 3 და დაიჭრა სპეცდანიშნულების რაზმის 5 თანამშრომელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი