ახალი ამბები

“მრეწველების” ფრაქციას ნოზაძესთან ერთად “ოცნების” დეპუტატები აკომპლექტებენ

18 ნოემბერი, 2016 • 1365
“მრეწველების” ფრაქციას ნოზაძესთან ერთად “ოცნების” დეპუტატები აკომპლექტებენ

დღეს, 18 ნოებერს, პარლამენტში შემავალმა სუბიექტებმა საპარლამენტო უმცირესობა და უმრავლესობა შექმნეს. ამას გარდა, შეიქმნება “მრეწველების” 6-წევრიანი ფრაქცია სიმონ ნოზაძის თავმჯდომარეობით.

მეცხრე მოწვევის პარლამენტში სიმონ ნოზაძე “მრეწველების”ერთადერთი წევრია.  მის ფრაქციას ხუთი დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” დაემატა. ეს დეპუტატები არიან თენგიზ ხუბულური, თემურ კოხრეიძე, ლევან ბეჟანიძე, ელგუჯა გოცირიძე, შოთა შალელაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობაში 116 წევრია გაერთიანებული და მისი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეა. ხოლო საპარლამენტო უმცირესობაში 26 დეპუტატი ერთიანდება და მისი თავმჯდომარე დავით ბაქრაძეა.

საპარლამენტო უმრავლესობაში ერთიანდება ფრაქცია “ქართული ოცნება” და “ქართული ოცნება-მრეწველები.”  “ქართულ ოცნებაში” 110 წევრი ერთიანდება და მისი თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეა.

საპარლამენტო უმცირესობაში ორი ფრაქცია, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “ნაციონალური მოძრაობა – საქართველოს წინსვლისათვის” ერთიანდება. 20-წევრიან ფრაქციას “ნაციონალურ მოძრაობას”  ნიკა მელია უხელმძღვანელებს. ხოლო მეორე ექვსწევრიანი ფრაქციის თავმჯდომარე ელენე ხოშტარია იქნება. პარტიის წევრების განმარტებით, რახან სანდრა რულოსვმა სადეპუტატო მანდატზე უარი თქვა, მათ ფრაქციებში 26 დეპუტატია. ხოლო, როცა სანდრა რულოვსს უფლებამოსილება შეუწყდება და მის ნაცვლად პარლამენტში სხვა შემოვა, რომელიმე ფრაქციაში გაერთიანდება.

დღეს ასევე დარეგისტრირტა ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსი”, რომელიც არც უმრავლესობაშია და არც უმცირესობაში. ამ ფრაქციაში 6 დეპუტატია გაერთიანებული და მისი თავმჯდომარე  გიორგი ლომიაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი