ახალი ამბები

წულუკიანი: რუსეთი “რომის სტატუტის” წევრი არც ყოფილა, 2008 წლის ომის გამოძიება გრძელდება

17 ნოემბერი, 2016 • 1752
წულუკიანი: რუსეთი “რომის სტატუტის” წევრი არც ყოფილა, 2008 წლის ომის გამოძიება გრძელდება

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ რუსეთი  აქამდეც არ ყოფილა “რომის სტატუტის” მონაწილე ქვეყანა, რაც ხელს არ უშლის სისხლის საერთაშრისო სასამართლოს პროკურორს, გააგრძელოს 2008 წლის ომის გამოძიება.

“ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ გაიგოს საქართველოში, რომ რუსეთი არასოდეს ყოფილა “რომის სტატუტის” მონაწილე ქვეყანა. იგი ყოველთვის უარს ამბობდა სტატუტის რატიფიკაციაზე. უბრალოდ, ამ დღეებში მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ, მით უმეტეს, დღეს ვერ ხედავს, მოახდინოს ამ საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიკაცია. საქართველოში რა რეალობაც იყო მანამდე, ეს რეალობაა დღეს, რაც ხელს არ უშლის ჰააგის პროკურორს, რომ აგვისტოს საქმეზე გამოძიება როგორც დაიწყო, ისე გააგრძელოს, რადგან რუსეთი არც მანამდე არ იყო “რომის სტატუსის” მონაწილე, ხოლო ომი მომხდარია საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველო არის რომის სტატუსის მონაწილე ქვეყანა მრავალი წელია, შესაბამისად, გამოძიება გრძელდება”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ამ განცხადებით იუსტიციის მინისტრი რუსეთის გადაწყვეტილებას – არ გახდეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი, გამოეხმაურა. 16 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც, რუსეთმა რომის წესდების სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო დატოვა. რუსეთი სასამართლოს წევრი არ ყოფილა და საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ საერთაშორისო სასამართლოს წევრი არც გახდეს.

რაც შეეხება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, ის (ICC) რომის წესდების საფუძველზე მოქმედებს. რომის წესდება ძალაში  2002 წლის 1 ივლისს 60 სახელმწიფოს მიერ რატიფიცირების შემდეგ შევიდა. საქართველო წესდებას 2003 წელს მიუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ვალდებულია ითანამშრომლოს სასამართლოსთან.

2008 წლის აგვისტოს კონფლიქტთან დაკავშირებით ICC-ის პროკურორმა საქართველოში  წინასწარი მოკვლევა 2008 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე პროკურორმა დაასკვნა, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დანაშაულებათა გამოძიება ICC-ის იურისდიციის ფარგლებში გაგრძელდეს. ამის შემდეგ ICC-ის პროკურორმა ფატუ ბენსუდამ 2015 წლის ოქტომბერში მიმართა წინასასამართლო პალატას გამოძიების გაგრძელების ნებართვით.  წარდგენილი მოთხოვნისა და დოკუმენტების საფუძველზე მოსამართლეებმა პროკურორს გამოძიების დაწყების ნებართვა 2016 წლის 27 იანვარს მისცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი