ახალი ამბები

აშშ-ის საელჩო 2003 წლის არჩევნების შესახებ სააკაშვილის განცხადებას მცდარს უწოდებს

17 ნოემბერი, 2016 • 1498
აშშ-ის საელჩო 2003 წლის არჩევნების შესახებ სააკაშვილის განცხადებას მცდარს უწოდებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს განცხადებით ეხმაურება, გადაცემაში “არჩევანი” მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ 2003 წელს ამერიკის ელჩი არჩევნების შედეგების აღიარებას თხოვდა.

“მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ აშშ-ის მთავრობამ ვერ შეძლო, დროულად დაეგმო 2003 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნები, არის მცდარი. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა გამოხატა შეშფოთება არჩევნებთან დაკავშირებით 2003 წლის 3 ნოემბერს და ასე გაგრძელდა ხმის დათვლის მთლიანი პროცესის განმავლობაში. დამატებით, როგორც კი მოხდა შედეგების დათვლა, გაიმართა მაღალი დონის საუბრები საქართველოს მთავრობასთან იმ საჭიროების შესახებ, რომ არჩევნებთან დაკავშირებული პრობლემები გამჭვირვალედ გადაჭრილიყო. მაშინვე, როდესაც 19 ნოემბერს დაიწყო არჩევნების შედეგების გამოცხადება, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა დაუყოვნებლივ გამოხატა უკმაყოფილება შედეგებთან და  ქვეყნის მმართველობასთან მიმართებაში”,- ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საელჩოს ასევე მითითებული აქვს საარქივო მასალები – 20013 წლის არჩევნების შესახებ აშშ-ის მთავრობის განცხადება და  ეუთოს განცხადება:

“ამერიკის შეერთებული შტატები დიდად იმედგაცრუებულია საქართველოში ორ ნოემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებით, რომელმაც ვერ გაამართლა საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულება აშშ-ისა და ეუთოს წინაშე. ხმების დათვლის დაგვიანებამ და შედეგებით მანიპულირებამ გამოააშკარავა ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს მთავრობის მხრიდან ხალხის ნების უგულებელყოფა”,- ნათქვამია აშშ-ის მთავრობის 2003 წლის განცხადებაში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემაში “არჩევანი” 2003 წლის არჩევნების შესახებ ისაუბრა, სადაც განაცხადა, რომ საქართველოში მაშინდელი აშშ-ის ელჩი რიჩარდ მაილსი არჩევნების შედეგები აღიარებას სთხოვდა და სანაცვლო მეორე ადგილის გარანტიას აძლევდა, მესამე ადგილის ნაცვლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი