ახალი ამბები

ივანიშვილი: გაგვცეს ხელისუფლებამ პასუხი, რაში დახარჯა 6 მილიარდი

26 აგვისტო, 2012 •
ივანიშვილი: გაგვცეს ხელისუფლებამ პასუხი, რაში დახარჯა 6 მილიარდი

“2003 წლიდან დღემდე საქართველოს მთავრობამ გრანტებით მოიზიდა 6 მილიარდი. ჩვენი საერთაშორისო დავალიანება გაიზარდა 2,2-ჯერ ამ ხელისუფლების მოსვლის შემდგომ. ახლა ვნახოთ, რაში დახარჯეს და რით ტრაბახობს ჩვენი პრეზიდენტი. 6 მილიარდიდან 2 მილიარდნახევარია გზებზე დახარჯული, თუმცა, საკითხავია ესეც, რამდენი მოხმარდა მიზნობრივად. აშენდა პოლიციის 130 შენობა, 14 თუ 17 იუსტიციის სახლი, თუმცა, თუ დავთვლით, ვნახავთ, რომ ვერც ერთ შემთხვევაში ვერ სცდება ხელისუფლების ეს დანახარჯები მილიარდნახევარს და სად წაიღო მთავრობამ დანარჩენი თანხები – უცნობია. და თუკი ყველაფერი ჩვენი გასასტუმრებელია, ამას გვამადლის, ეს არის მათი აღმშენებლობა?! გამობრძანდნენ და პასუხი გაგვცენ, რას გვამადლიან?! ჩვენ რომ უნდა გადავიხადოთ ეს ფული, ამას გვამადლიან?!, – აღნიშნა ივანიშვილმა.

“ქართული ოცნების” ლიდერმა თავის გამოსვლაში ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ კოალიციის სტრატეგიაა ევროატლანტიკური ინტეგრაცია. მან ხელისუფლების წარმატებულ პროექტებად ეროვნული გამოცდები და პატრული დაასახელა, თუმცა იქვე დასძინა, რომ პოლიცია პოლიტიზებულია.

ივანიშვილმა ასევე ისაუბრა სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობაზე და მოსახლეობისთვის იაფი კრედიტების ხელმისაწვდომობაზე. ივანიშვილმა ცაგერის მოსახლეობას კოალიციის მაჟორიტარი კანდიდატის – მამუკა ჩხეტიანის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ივანიშვილს დღეს შეხვედრა ჰქონდა ლენტეხში მოსახლეობასთანაც, რომელზეც მან შეკრებილებს კოალიციის საარჩევნო პროგრამების პრიორიტეტები გააცნო: სოფლის მეურნეობა, ჯანდცვა და განათლება.

ხვალ ბიძინა ივანიშვილი გააგრძელებს მოსახლეობასთან შეხვედრებს და ამჯერად კოალიციის პროგრამებს ონისა და ამბროლაურის მოსახლეობას გააცნობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი