ახალი ამბები

ივანიშვილი: საჩხერის რეგიონი ჯანდაცვის მხრივ იაპონიასა და ინგლისს შორის დგას

26 აგვისტო, 2012 • • 1000
ივანიშვილი: საჩხერის რეგიონი ჯანდაცვის მხრივ იაპონიასა და ინგლისს შორის დგას

მისი თქმით, იგი აპირებდა მსგავსი, უფასო ჯანდაცვის სისტემის მთელ ქვეყანაზე გავრცელებას, რაშიც, მისივე თქმით, ხელისუფლებამ ხელი შეუშალა.

“მე მარტო საჩხერეზე არ ვზრუნავდი და ამის გაკეთებას ვაპირებდი მთელ საქართველოში და ეს არ არის ცარიელი სიტყვები. მე ამის მაგალითები მაქვს, რესპუბლიკურ საავადმყოფოზე გაკეთებულია გერმანელების მიერ პროექტი. 40 მილიონ დოლარზე მეტია დახარჯული საერთო ჯამში რესპუბლიკურ საავადმყოფოზე, თუმცა, უნდა დახარჯულიყო 400 და 700 მილიონ ევრომდე, რასაც მე ხელს ვაწერდი და უნდა გამეკეთებინა. თუმცა ხელისუფლებამ ეს გეგმა ჩამიშალა. 700 თუ 800 საწოლზე იქნებოდა რესპუბლიკური საავადმყოფო გათვლილი, რომელიც საშუალებას მისცემდა პრაქტიკულად ყველა სოციალურად დაუცველს მთელი საქართველოს მასშტაბით, რომ იქ შეძლებოდა სერიოზული ოპერაციების გაკეთება, რაც, რა თქმა უნდა, იქნებოდა უფასო,  რასაც მე ვითხოვდი და იქ არსებული კლინიკაც, რომელსაც მე მიშენება გავუკეთე და მერე იქ მისაღებად გაკეთდა, ისიც უფასო უნდა ყოფილიყო”, – ამბობს ივანიშვილი და აქვე აღნიშნავს, რომ გარკვეულ ეტაპზე ეს შეთანხმება სააკაშვილთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან მიღწეული იყო, რომ არა კახა ბენდუქიძის განსხვავებული მოსაზრება უფასო საავადმყოფოებთან დაკავშირებით.

“რაღაც ეტაპზე ეს შეთანხმებები მიღწეული იყო და უეცრად, როდესაც ფუნდამენტის გათხრა დავიწყეთ, მირეკავს სააკაშვილი და მეუბნება, რომ ეს არ გამოვა. რატომ არ გამოვიდა და კახა ბენდუქიძე, მისი ეკონომიკური მრჩეველი ეუბნება,  ეს რომ უფასო გაკეთდეს, მაშინ რა გვეშველება ჩვენ, 100–150 საავადმყოფოს ვაშენებთ და ჩვენს ამ პროექტსა და საქართველოს მედიცინას საერთოდ ეჭვქვეშ დააყენებო. რა თქმა უნდა, იქ იყო რაღაც ლოგიკა, რომ კერძო საავადმყოფოები უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მარტო უფასო საავადმყოფოებით ვერ იარსებებს მთელი ქვეყანა, მაგრამ აუცილებელია პირველი დახმარება მიიღოს თითოეულმა მოქალაქემ და ამისთვის აუცილებელია უფასო საავადმყოფო და უფასო პირველადი დახმარების კლინიკები”, – განაცხადა ივნიშვილმა.

მისი თქმით, მას მარტო რესპუბლიკური საავადმყოფოს გაკეთება არ ჰქონდა გეგმაში. ის ასევე აპირებდა 14 ემერჯენსის, პირველადი დახმარების კლინიკის აშენებას ქვეყნის მასშტაბით.

“14 ემერჯენსი გამიჩერეს, რომლიდანაც მხოლოდ 2 ავაშენე. ასეთი არის ურეკში და ასეთი არის სოფელ ბორითში. ბორითში კი რომ გაიგეს, მე ვაკეთებდი ამ კლინიკას და ამავდროულად პოლიტიკაში მოვედი, შევარდნენ, ვეღარ შევიტანეთ ის ხელსაწყოები, რაც უნდა შეგვეტანა და ახლა იქ გამგეობა გახსნეს, მგონი. 14 უფასო ემერჯენსის პირობებში ყველა კუთხიდან შესაძლებელი იქნებოდა, დახმარება მიგეღოთ უფასო, ამის შემდეგ იქნებოდა რესპუბლიკური საავადმყოფოც. საცდელი  ემერჯენსი გავაკეთეთ ურეკში და საწყალი გურულები მხოლოდ იმით სარგებლობენ და არა იმ საავდმყოფოებით, რითიც ამაყობს ჩვენი პრეზიდენტი”, – განაცხადა ივანიშვილმა ლენტეხში გამოსვლისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი