ახალი ამბები

ივანიშვილი: მომავალში ჩვენ აღარ უნდა ვიყოთ ერთ პიროვნებაზე დამოკიდებული

26 აგვისტო, 2012 •
ივანიშვილი: მომავალში ჩვენ აღარ უნდა ვიყოთ ერთ პიროვნებაზე დამოკიდებული

“ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლიდან ძალიან მალე დავგეგმავთ ადგილობრივ  თვითმმართველობას. დღეს ცენტრიდან განისაზღვრება, თუ რა რაოდენობის ფინანსები უნდა გადაეცეს თქვენს რეგიონს. ლენტეხი მაღალმთიანი რეგიონია, აუცილებლად შემოვიღებთ კანონს მაღალმთიანი რეგიონებისათვის. ცენტრიდან კანონით და კანონმდებლობით განისაზღვრება მხოლოდ თანხის რაოდენობა, ის ტრანსფერი, რომელიც უნდა გადაეცეს თქვენს რეგიონს, ამის შემდგომ თქვენ თვითონ, არჩეული თვითმმართველობით, არჩეული თქვენი რეგიონალური დეპუტატებით განსაზღვრავთ და განმარტავთ, სად და როგორ უნდა დაიხარჯოს ეს ფული. ეს დამოკიდებულება იქნება რეგიონთან. ასევე, ჩვენ დავაწესებთ კანონს, რომ რეგიონებიდან მოხდეს დეპუტატების გამოთხოვა, თუკი ისინი არ შეასრულებენ დანაპირებს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.  

მისი თქმით, ქვეყნის მართვა არ უნდა იყოს დამოკიდებულ ერთ პირზე:

“ქვეყნის მართვის ჩვევები უნდა აღვიდგინოთ, ეს იყო ჩემი ძირითადი პოლიტიკაში მოსვლის მიზეზიც. ჩვენ 20 წლის განმავლობაში მოჯადოებულ წრეზე დავდივართ და ვერაფრით გავიგეთ, სად უნდა წავიდეთ, მიზეზი ამის გახლავთ ის, რომ ჩვენ, ქართველმა ხალხმა დავივიწყეთ ის, თუ როგორ უნდა ვმართოთ ჩვენი ქვეყანა. მომავალში ჩვენ აღარ უნდა ვიყოთ ერთ პიროვნებაზე დამოკიდებული”.

კოალიციის ლიდერმა ლენტეხში შეკრებილებს გააცნო “ქართული ოცნების” სოფლის მეურნეობის პროგრამა.

“სოფლის მეურნეობა, რომელიც ჩვენი ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელზეც ჩვენ განვაცხადეთ, რომ ერთი მილიარდი დოლარი გამოიყოფა პირველ ეტაპზე, ეს თანხა მხოლოდ პირველი ეტაპისთვის იქნება სააჭირო იმისათვის, რომ როგორმე ქართველი გლეხი, სოფელი გაიმართოს წელში. ჩემი პოლიტიკაში მოსვლიდან ერთი კვირის განმვლობაში რაც გავაკეთე, ეს იყო ის, რომ დავაფუძნე საქართველოს სტრატეგიული განვითარების კვლევითი ინსტიტუტი და იქ ვახერხებდით და ვიკვლევდით, თუ როგორი ქვეყანა უნდა ავაშენოთ ჩვენ. ათი თვის განმავლობაში საკმაოდ დიდი ცოდნა დავაგროვეთ და ამ ცოდნის საფუძველზე ვანხორციელებთ პროექტს, რომელსაც ჰქვია სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტი. რა სჭირდება თქვენს რეგიონს. ჩემი წარმოდგენით აუცილებელია, რომ გზები იყოს და ყველგან მიისვლებოდეს, იმ სათიბეებამდეც, რომელიც უნდა მოიმარაგოთ ზამთრისთვის საქონლებისთვის”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ლენტეხში აუცილებლად უნდა გაიხსნას ხორცის, რძის გადამამუშავებელი საწარმოები და მოხდეს ბუნებრივი რესურსების ზომიერი გამოყენება.

“აუცილებლად უნდა მივხედოთ ხე–ტყეს, რომელიც იჩეხება და ნადგურდება და არავითარი რეგლამენტაციები აქ არ არსებობს. ჩვენ აუცილებლად უნდა მივხედოთ ჩვენს ბუნებას. ერთ მაგალითს მოვიყვან,  დასაქმების მინისტრი რომ გვყავს, მისმა კომპანიამ ჭიათურაში გაჩეხა წაბლის ტყეები. ასეთი ხელისუფალი გვყავს ჩვენ. ხე–ტყე უნდა გამოიყენოს ადგილობრივმა მოსახლეობამ და არა სხვადასხვა გაუგებარმა კომპანიებმა. პირველ რიგში, თქვენ უნდა სარგებლობდეთ თქვენი რესურსებით”, – აღნიშნა ივანიშვილმა.

დღესვე ბიძინა ივანიშვილი ცაგერს ეწვევა, ხოლო ხვალ ის შეხვედრებს გამართავს რაჭაში – ონსა და ამბროლაურში.

მასალების გადაბეჭდვის წესი