“ეს ახლა თემურიმ გააკეთა, თემურის რომ არ მოეკიდა ხელი და ჩვენ ყველამ ერთად მოვკიდეთ, 6 თვეში სულ ამოვატრიალეთ, რა… თემურმა მოახდინა სასწაული”, – ეს სიტყვები პრეზიდენტმა პარლამენტარისა და ბიზნესმენის – თემურ კოხოძის შესახებ წარმოთქვა, რომელიც ამჯერადაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია ბაღდათის რაიონში.
კოხოძის კუთვნილ “საირმის განვითარების კომპანიაზე” კურორტი საირმე სახელმწიფომ გასული წლის თებერვალში გაასხვისა. კომპანიის ხელმძღვანელობის თქმით, მათ საირმეში 9 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს, რამაც დამსვენებლების რაოდენობა გაზარდა. “საირმის განვითარების კომპანიაში” აცხადებენ, რომ სეზონის ბოლომდე ისინი 7-8 ათასამდე სტუმარს ელიან, რაც წინა წლის მაჩვენებელს 30%-ით აღემატება.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, მალე ქუთაისის აეროპორტში ყოველდღე შესრულდება რეისი – დონეცკი-ქუთაისი და “გაივსება საირმე უკრაინელი მეშახტეებით”.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სარეაბილიტაციო პროექტების განხროციელების შედეგად შეიკვრება კურორტების რკალი საქართველოს სამ რეგიონში – იმერეთში, რაჭასა და სამცხე-ჯავახეთში:
“ბორჯომს ვაკეთებთ ძალიან მაგრად, ახალციხე როგორც გაკეთდა, ნახეთ, ალბათ, ტელევიზორში, მერე აბასთუმანი, აბასთუმნიდან ეს გზა მოდის საირმეში, აქედან წყალტუბოში, რომელსაც ახლა ვაკეთებთ, იქვეა სულორი, რომლის გაკეთებაც დავიწყეთ. წყალტუბოს ზემოდან გადავალთ რაჭაში – შაორი, შოვი, უწერა და შეიკვრება კურორტების მაგარი რკალი საქართველოში”.
სააკაშვილის თქმით, უკვე კეთდება კურორტი ბეშუმი – აჭარის მაღალმთიანეთში, ასევე, მთავრობა დაინტერესებულია სამტრედიაში ბალნეოლოგიური კორორტის რეაბილიტაციით:
“რაც მეტი კურორტები იქნება საქართველოში, მეტად ხელმისაწვდომი იქნება ქართველებისთვის. სხვადასხვა დონის სასტუმრო უნდა გაკეთდეს, რომ ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.








