ახალი ამბები

სააკაშვილი: პირველ ოქტომბერს აღმოჩნდება, რომ საქართველო არ გადასულა ჭკუიდან

25 აგვისტო, 2012 •
სააკაშვილი: პირველ ოქტომბერს აღმოჩნდება, რომ საქართველო არ გადასულა ჭკუიდან

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში არის ადგილები, სადაც თითქმის არაფერი შეცვლილა და ბევრი გაჭირვებულია.

“მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გაჭირვებულია, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი კონკრეტული პრობლემაა, მიუხედავად იმისა, რომ არის საქართველოში ადგილები, სადაც თითქმის არაფერი შეცვლილა უკეთესობისკენ, მიუხედავად იმისა, რომ არის ოჯახები, რომლებმაც ძალიან რთულია იმედი დაინახონ თავიანთ არსებობაში, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დაუსვას თავის თავს ერთი მნიშვნელოვანი კითხვა – საქართველო არის თუ არა უკეთესი ქვეყანა, ვიდრე 8 წლის წინ?!” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ხონში მოსახლეობასთან შეხვედრისას.

სააკაშვილის თქმით, ხშირია საუბარი იმაზეც, თითქოს მასთან შესახვედრად მოსახლეობა სხვადასხვა რაიონებიდან მიზანმიმართულად ჩაყავდეთ.

“ყველგან მოდის ბევრი ხალხი. ავიდა მიშა სვანეთში, დახვდა ბევრი ხალხი, მაგრამ ამბობენ, რომ სვანები კი არა, დეგრადირებული მეგრელები დახვდნენო და აჭარაში თბილისიდან ხალხი ჩაიყვანაო, 9 საათის სავალზე. იქ 20 000 კაცი იყო და რაღაც აჭარლები ვერ შეამჩნიეს. გუშინდელ შეხვედრაზე სამტრედიაში თქვეს, ხალხი წალენჯიხიდან და ჩხოროწყუდან ჩაიყვანესო. სხვათა შორის, ხონშიც ძალიან ბევრი ამერიკელი და ინგლისელია, სპეციალურად ჩამოვაფრინეთ ისინი და ხონელები სად არიან აქ საერთოდ?! მაგ სიმართლით დაიწყნარონ მაგათ თავი და პირველ ოქტომბერს უცებ რომ ყველგან მივა ხონელი, სამტრედიელი, აბაშელი, ქუთაისელი, კახელი, ქართლელი, თბილისელი, უცებ აღმოჩნდება, რომ საქართველო არ გადასულა ჭკუიდან, არის ბრძენი, მაგარი, ძალიან გამტანი, გამბედავი, წინდახედული და მომავალზე ორიენტირებული ერი” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი