ახალი ამბები

ილიას უნივერსიტეტთან სტუდენტების აქცია გაიმართა

24 აგვისტო, 2012 •
ილიას უნივერსიტეტთან სტუდენტების აქცია გაიმართა

აქცია ილიას უნივერსიტეტის წინ
აქცია ილიას უნივერსიტეტის წინ

საინიციატივო ჯგუფში გაერთიანებული სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების განცხადებით, ბიზნესის მიმართულების ლექტორები პოლიტიკური შეხედულებების გამო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ აიძულა დაეტოვებინა აკადემიური თანამდებობებიდან.

 

“ვაპროტესტებთ იმას, რომ 25 პროფესორ– მასწავლებელი გაათავისუფლეს მხოლოდ თავიანთი პოლიტიკური შეხედულებების გამო. ასევე, მოხდა ნოდარ ხადურის განთავისუფლება ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მას შემდგომ, რაც მან ღიად დააფიქსირა საკუთარი პოლიტიკური შეხედულება. ეს არის უსამართლო გათავისუფლება” – განაცხადა აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა, უნივერსიტეტის სტუდენტმა ნიკა მემანიშვილმა.

 

აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორის, ალექსანდრე კობაიძის თქმით კი, ამგვარი ფაქტების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია საზოგადოების აქტივობა და განთავისუფლებული ლექტორებისადმი სოლიდარობის გამოცხადება.

 

“ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ განსხვავებული აზრი იდევნებოდეს უმაღლეს სასწავლებლებში, მოვუწოდებთ ყველას, იყვნენ სოლიდარული ერთმანეთის მიმართ. თუ ანალოგიური პრობლემა მათ დღეს არ აწუხებთ, არ არის გამორიცხული, რომ შეაწუხებთ ხვალ,” – ამბობს ალექსანდრე კობაიძე.

 

სტუდენტები ასევე მოითხოვდნენ, რომ რექტორმა გიგი თევზაძემ შეწყვიტოს პროფესორების ტერორი და პოლიტიკური ნიშნით დევნა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში ლექტორები მზად არიან, დაბრუნდნენ უნივერსიტეტში.

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი მაია გონაშვილი თანამდებობიდან რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს, რასაც ლექტორების და სტუდენტების პროტესტი მოჰყვა. 25 ლექტორი გონაშვილის მხარდასაჭერად სამსახურიდან წავიდა.

 

როგორც მაია გონაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში აღნიშნავს, მისთვის გათავისუფლების კონკრეტული მიზეზი არ აუხსნიათ:

 

“როგორც მითხრეს, ჩემი გათავისუფლება მოხდა ადმინისტრაციული ცვლილებების გამო, სხვა მიზეზი არ დაუსახელებიათ. გათავისუფლება არანაირად არ მიმაჩნია სამართლიანად”, – აცხადებს მაია გონაშვილი.

 

ლექტორების გათავისუფლებას აპროტესტებენ ილიაუნის სტუდენტებიც, რომლებმაც ლექტორების დაბრუნების მოთხოვნით ხელმოწერები შეაგროვეს და რექტორს გადასცეს.

 

“ჩვენ არ ვიცით, რა იყო ლექტორების გათავისუფლების რეალური მიზეზი, მაგრამ ვიცით, რომ ქალბატონი მაია ფაკულტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იყო. გუშინ საღამოს ჩვენ შევიტანეთ დიდი წერილი ქალბატონი მაიას და, შესაბამისად, სხვა ლექტორების დაბრუნების მოთხოვნით, წერილს თან ახლავს დაახლოებით 1500–მდე სტუდენტის ხელმოწერა, იმედია, ბატონი გიგი განიხილავს. ჯერ–ჯერობით არ გვაქვს გადაწყვეტილი, რას მოვიმოქმედებთ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს მოთხოვნას არ დააკმაყოფილებენ”, – განაცხადა ერთ–ერთმა სტუდენტმა დაფინა კუბლაშვილმა.

 

ლექტორების გათავისუფლების კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებს უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძეც. მისი ინფორმაციით, ფაკულტეტზე განხორციელდა ადმინისტრაციული ცვლილებები, ახალმა დეკანმა მაია გონაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მისივე განმარტებით, მიუხედავად სტუდენტების საპროტესტო წერილისა, ლექტორების უკან დაბრუნება არ განიხილება.

 

ილიას უნივერსიტეტის წინ თავმოყრილი აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ეს აქცია არ იქნება ერთჯერადი და ისინი ბოლომდე იბრძოლებენ ლექტორთა დასაბრუნებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი