ახალი ამბები

სააკაშვილმა მხარდამჭერების თვლა დაიწყო

24 აგვისტო, 2012 •
სააკაშვილმა მხარდამჭერების თვლა დაიწყო

“აქ არის დღეს 12 ათასი კაცი – აბსოლუტური რეკორდი სამტრედიის ისტორიაში. მე ამას ვამბობ საქმის გამოცდილებით, იმდენჯერ ვარ აქ ნამყოფი სხვადასხვა აქციებზე, მინდა გითხრათ, რომ ახლა განსაკუთრბეული მომენტია და თქვენც განსაკუთრებულად მიუდექით მთელი საქართველოს დასანახავად, მაგრამ რაც აქ ხალხია შეკრებილი, ამაზე მეტი პაციენტი ჰყავს მორჩენილი ჩვენს დეპუტატობის კანდიდატს[მერაბ ჯანელიძეს]. ის არის ძალიან მაგარი სამტრედიელი და ძალიან  მაგარი საქართველოს მოქალაქე”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 23 მაისს სამტრედიაში მოსახლეობასთან შეხვერისას. როგორც წესი, პრეზიდენტს აქამდე ყურადღება არასდროს გაუმახვილებია მასთან შეხვედრაზე მისული ხალხის რაოდენობაზე.

პრეზიდენტის თანაგუნდელები, როცა “ქართული ოცნების” მიერ გამართულ აქციებს აფასებდნენ, ამბობდნენ, რომ აქციაზე მისული ხალხის რაოდენობას მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ამომრჩეველი არჩევანს საარჩევნო ყუთთან აკეთებს და არა – ქუჩაში გამართულ აქციაზე.

“ჩვენ ხალხის რაოდენობას არ ვითვლით, ასევე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იყო ადგილობრივი და სხვა რაიონიდან ვინ ჩავიდა”, – აღნიშნული განცხადება პრეზიდენტის თანაგუნდელმა, პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტებთან ოზურგეთში “ქართული ოცნების” მეირ გამართული აქციის შეფასებისას 17 ივნისს გააკეთა.  

შეხვედრა სამტრედიაში/ფოტო: პრეზიდენტის პრესსამსახური
შეხვედრა სამტრედიაში/ფოტო: პრეზიდენტის პრესსამსახური

რაც შეეხება 23 აგვისტოს პრეზიდენტის მიერ სამტრედიაში მოწყობილ შეხვედრას, გამოცემა “ახალი გაზეთის” ინფორმაციით, აღნიშნულ აქციაზე ხალხი ქუთაისიდან ჩაიყვანეს.

“ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტზე მომუშავე ავტობუსებს, „ნაციონალური მოძრაობისა“ და ქუთაისის მერიის დავალებით, სამტრედიაში ხალხის გადაყვანა დაევალათ. საგანგებო დავალებები ქალაქის მერიისგან, არსებული ინფორმაციით, #1 (წრიულ) საქალაქო საავტობუსო ხაზზე მომუშავე ავტობუსების მძღოლებმა მიიღეს. აღნიშნული დავალების გამო   ქალაქში ე.წ. „წრიულ“ საავტობუსო ხაზზე საქალაქო ტრანსპორტით გადაადგილება შეზღუდულია”, – ჯერ კიდევ გუშინ წერდა “ახალი გაზეთი”.

სამტრედიაში გამართულ შეხვერდაზე პრეზიდენტმა “ქართულ ოცნებაზე” და მოახლოებულ არჩევნებზეც ისაუბრა.

“ის, ვინც გვეუბნება, “რა მნიშვნელობა აქვს ახლა ომი ვინ დაიწყო, ჩემთვის სულერთია, ვინ დაიწყო ომი, საქართველომ თუ რუსეთმა”, მისთვის ალბათ სულერთია, ვის კარებში გაიტან გოლს, შენი გუნდის თუ მოწინააღმდეგის – აი, ეს არის მათი ლოგიკა. საკუთარ კარებში გოლების გამტანების დიდი ბრიგადა არის შემოსეული საქართველოს, მაგრამ ისინი ვერასოდეს ვერ გაიმარჯვებენ. ხალხო, დაგვბომბეს, გადაგვიარეს, ასობით ჩვენი ბავშვი, ქალი დახოცეს და მოყავთ ხალხი, რომლებმაც საქართველოს უჩივლეს, რომ ჩვენ ჩავიდინეთ დანაშაული რუსეთის წინააღმდეგ. დღეს არის დღევანდელი დღე, ხვალინდელი გუშინდელი არ უნდა გახდეს. ის ხალხი, ვინც პენსიები წაგვართვა,  დღეს მოიწევს უკან ხელისუფლებაში, ის ხალხი, ვინც ბიუჯეტს ყოველთიურად ამცირებდა, დღეს მოიწევს უკან ხელისუფლებაში, ის ხალხი, ვინც კრიმინალით გაავსო ქვეყანა, დღეს მოიწევს უკან ხელისუფლებაში. 1 ოქტომბერი არის მათი უკანასკნელინ შანსი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ ეს შანსი ვეღარ გამოიყენონ და ერთხელ და სამუდამოდ  მოგვწყდნენ, მოგვშორდნენ და აღარასდროს მათი ადგილი საქართველოში აღარ იყოს. ვისაც უნდა პარლამენტის უკან, თბილისში გადატანა, სამტრედიიდან შორს, მას უნდა გოლის გატანა საკუთარ კარში, სამტრედიის კარში”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

შეხვედრა სამტრედიაში/ფოტო: პრეზიდენტის პრესსამსახური
შეხვედრა სამტრედიაში/ფოტო: პრეზიდენტის პრესსამსახური

მასალების გადაბეჭდვის წესი