ახალი ამბები

ჯეჯელავა: მეშვიდე-მეცხრე კლასების სასწავლო პროგრამა ნაკლებად დატვირთული იქნება

15 ნოემბერი, 2016 • 2092
ჯეჯელავა: მეშვიდე-მეცხრე კლასების სასწავლო პროგრამა ნაკლებად დატვირთული იქნება

სასკოლო პროგრამიდან მეშვიდე-მეცხრე კლასებში საკითხების ნაწილს ამოიღებენ, რათა პროგრამა ნაკლებად დატვირთული გახდეს – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ 15 ნოემბერს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პროგრამაში შესატან ცვლილებაზე სპეციალისტები უკვე მუშაობენ და, შესაძლოა, 2017-2018 სასწავლო წლისთვის უკვე მოესწროს.

მინისტრის თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს საკითხები პროგრამიდან საერთოდ გაქრება. მაგალითად, მეშვიდე კლასის მასალიდან ამოღებული საკითხი, შესაძლოა, მეათე კლასის მასალას დაემატოს.

“რომ შევედაროთ ევროპის ქვეყნებს, ამერიკასაც და ბევრ სხვა ქვეყანას, შუა კლასები, მე-5, მე-6, მე-7, მე-8 კლასები, არის ჩვენთან ძალიან დატვირთული და იქ არის განტვირთული. შესაბამისად, ბავშვი სანამ არის ბავშვი, აძლევენ საშუალებას, რომ იყოს ბავშვი, გაკვეთილები აკეთოს ცოტა ხანს, არ ჰქონდეს მძიმე ჩანთა, არ ჰქონდეს ძალიან მაღალი დატვირთვა, რომ, საბოლოო ჯამში, არ შეჯავრდეს სწავლა. ზედა კლასებში კი სწავლა იყოს პრიორიტეტი – ბავშვს თუ სწავლას შევაყვარებთ, პირობითად, მეათე კლასამდე, მეათე-მეთორმეტე კლასებში შეგვიძლია, რომ აქცენტი იყოს მხოლოდ სწავლაზე… მეთორმეტეკლასელი არასაკმარისად დატვირთულია. მთელ მსოფლიოში რომ ნახოთ, მეთორმეტეკლასელზე დატვირთული არავინ არ არის,”- განაცხადა მან.

რაც შეეხება სხვა კლასებს, ჯეჯელავას თქმით, 1-4 კლასებში პროგრამა ნორმალურია. 5-6 კლასებში “ცოტა ამოკლება არ აწყენდა” და ამ საკითხებზე სპეციალისტებთან ერთად უნდა იმსჯელონ.

“7-9 კლასები ძალიან მადარდებს იმიტომ, რომ მგონია, რომ არის სუპერგადატვირთული. ყოველდღე სკოლებთან მიწევს შეხება: დაბალი კლასის ბავშვები არის ძალიან მოტივირებული და შუა კლასებში უკვე რთულად არის საქმე მოტივაციასთან დაკავშირებით,”- განაცხადა მან.

ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან საუბრისას დეტალურად განმარტა, თუ რატომ მიაჩნია მნიშვნელოვნად შუა კლასებში პროგრამის შემსუბუქება. მინისტრის თქმით, ეს ხელს შეუწყობს იმასაც, რომ სკოლამ ბავშვი არა მარტო გამოცდებისთვის, ცხოვრებისთვისაც მოამზადოს.

“ეს ნიშნავს, რომ იმავე საათში, რომელიც არის გამოყოფილი გეოგრაფიისთვის, ან რომელიც არის გამოყოფილი მათემატიკისთვის, საკითხების რაოდენობა სარჩევში იყოს ნაკლები. ანუ მეტი დრო ჰქონდეთ ბავშვებს იმავე მასალის ასათვისებლად შუა კლასებში. ეს არის მთავარი, რაც შეიცვლება და რა მიმართულებითაც ჩვენ ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, რა უნდა დარჩეს პროგრამაში და რა უნდა ამოვიდეს, ეს არის სპეციალისტებთან ერთად სამუშაო. ამას, ცხადია, მე ვერ გადავწყვეტ, თუმცა,  ვაპირებ, უშუალო მონაწილეობა მივიღო. მთავარი ამოცანა არის, რომ 5-8 კლასელს ჰქონდეს საშუალება, რომ თავისუფალი იყოს და ბავშვობა, რომელიც ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოანია, ურთიერთობების განვითარება და ასე შემდეგ, ჰქონდეს.

მაგალითად, პირობითად ვამბობ, წილადები თუ უნდა გაგვევლო სამ გაკვეთილზე, ახლა იქნება 4 გაკვეთილზე. ლაპარაკი არის, რომ მეტი დრო უნდა ჰქონდეს ბავშვს. ეს გამოიწვევს უკეთ ათვისებას, ნაკლებ საშინაო დავალებას, ჩანთა მსუბუქდება იმიტომ, რომ ნაკლები მიაქვს ყოველ კონკრეტულ დღეს, ეს ასევე ნიშნავს, რომ პედაგოგს აქვს საშუალება, საგნის გარდა ბავშვებს ესაუბროს ნებისმიერ საკითხზე. აი, აქ არის ცხოვრებისთის მომზადების საკითხი. თქვენ თუ გაიხსენებთ თქვენს სკოლას, აღმოაჩენთ, რომ ყველაზე კარგი და მნიშვნელოვანი რაღაცები საგანს კი არ ეხებოდა, ეხებოდა ცხოვრებას, ურთიერთობას და ასე შემდეგ. პედაგოგს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ დაწყებით და შუა კლასებში იქონიოს ურთიერთობა არა მარტო ქიმიის, არა მარტო ბიოლოგიის საკითხებზე, არამედ ცხოვრებისეულ და ურთიერთობის საკითხებზე. ამისთვის სჭირდება დრო. თუ იმდენი სამუშაო აქვს, რომ დროს ვერ გამონახავს, ამას ვერ ახერხებს,”- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი