ახალი ამბებიეკონომიკა

აკაკი ზოიძე: დედოლარიზაციის ამოცანაა, რომ ლარში სესხები და დეპოზიტები წახალისდეს

15 ნოემბერი, 2016 •
აკაკი ზოიძე: დედოლარიზაციის ამოცანაა, რომ ლარში სესხები და დეპოზიტები წახალისდეს

ქართული ოცნების წევრი აკაკი ზოიძე, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს, აცხადებს, რომ მთავრობის მეთაურმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ამომწურავად განმარტეს ლარის რყევების მიზეზები.

“ახსნილი არის, ჩემი აზრით, მიზეზები ამომწურავად, თუ რატომ ხდება, და ძალიან დამაჯერებელ გეგმას წარმოვადგენთ მთავრობა, ჩვენი გუნდი, მთავრობა, ეროვნულ ბანკთან ერთად კონსულტაციებით და ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან”, – განაცხადა ზოიძემ.

დღეს მთავრობამ განცხადება გამოაქვეყნდა ლარის კრიზისთან დაკავშირებით, სადაც მიზეზებთან ერთად ისაუბრა გამოსავლის გზებზე, კერძოდ, იმის შესახებ, რომ ბიუჯეტში უნდა შემცირდეს ბიუროკრატიული ხარჯები, გაიზარდოს ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება და შემცირდეს დოლარიზაციის მაჩვენებელი სესხებში.

“რაც შეეხება საშუალო და გრძელვადიან გაჯანსაღებას ლართან დაკავშირებული სიტუაციის, ეს, პირველ რიგში, გახლავთ საბიუჯეტო პრიორიტეტების სწორად შერჩევა, ანუ სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული ბიუჯეტის შექმნა, როგორც 2017 წლის, ისე მომავალ წლებში. რაც გულისხმობს ინფრასტრუქტურული ხარჯების მკვეთრ ზრდას, რადგან ეს არის საფუძველი ეკონომიკური ზრდისა და ადმინისტრაციული ე.წ. ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება, მნიშვნელოვანი როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე. ეს ყველაფერი წარმოდგენილი იქნება მთავრობის მიერ, როცა დამტკიცდება პარლამენტში მთავრობა, პირველივე სესიაზე სწორედ ახალი ბიუჯეტი, სადაც ეს პრიორიტეტები იქნება ძალიან ნათლად ასახული.

რაც შეეხება დედოლარიზაციის პროგრამას, ამის თაობაზე ეროვნული ბანკი დიდი ხანია საუბრობს, გარკვეული ზომები იქნა მიღებული, მათ შორის დეპოზიტებთან მიმართებაში, მაგრამ მთავარი ამოცანა დედოლარიზაციის ჩვენთვის არის, რომ სესხებიც და დეპოზიტებიც წახალისდეს, რომელიც იქნება ეროვნულ ვალუტაში. ამ მიზნით მთავრობასთან ერთად, როგორც უკვე ითქვა, გამოქვეყნდება სამოქმედო გეგმა, სადაც საუბარი იქნება სწორედ საბაზრო მექანიზმებზე, ხაზს ვუსვამ, და არა რაღაც უხეშ რეგულაციებზე, რომელიც ხელს შეუწყობს იმას, რომ ადამიანებს მეტი სტიმული მიეცემათ, რათა როგორც დანაზოგები, ისე სესხები აიღონ ლარში”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისი თქმით, დედოლარიზაციის ფარგლებში ლარში სესხი ან დანაზოგი უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე დღეს არის, და აუცილებელია, რომ ეს პროცესი დაჩქარდეს.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეზერვიდან 180 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. ბოლოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი 12 ოქტომბერს გაყიდა, როცა 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3365 ლარს შეადგენდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 15 ნოემბრის გაცვლითი კურსით, ერთი დოლარი 2.4890 ლარი ღირს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი