ახალი ამბებიეკონომიკა

ივანიშვილის ქონების ნაწილი სახელმწიფომ ბეჟაშვილის მეჯვარის კომპანიას მიყიდა

23 აგვისტო, 2012 •
ივანიშვილის ქონების ნაწილი სახელმწიფომ ბეჟაშვილის მეჯვარის კომპანიას მიყიდა

კომპანია “გამას” ხელმძღვანელი გიორგი ყავლაშვილი, რომელმაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოთხოვნით დაყადაღებული ‘ბურჯის’ ქონება აუქციონზე 8.76 მილიონ ლარად იყიდა, ამავე სამსახურის ყოფილი უფროსის, ლევან ბეჟაშვილის მეჯვარეა. ინფორმაცია “ნეტაგზეთს” ლევან ბეჟაშვილმაც დაუდასტურა.

გარდა ამისა, გიორგი ყავლაშვილი “ერთიანი ნაციონალური მძრაობის” ერთ–ერთი მსხვილი შემწირველია. მან 2012 წლის 1 აგვისტოს 50 ათასი ლარი შესწირა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”.

ბიძინა ივანიშვილის კომპანია “ბურჯი”, კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალი პარტიებისთვის სატრანსპორტო საშუალებების მიქირავებისა და ოფისების გარემონტების გამო, სასამართლომ რამდენიმე კვრის წინ უკანონო შემწირველად სცნო და 10 მილიონზე მეტი ლარით დააჯარიმა. “ბურჯის” ქონება 2012 წლის 26 ივლისს აუქციონზე გასაყიდად გაიტანა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ.

იმავე დღეს, 26 ივლისს, საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა ახალი კომპანია – შპს “გამა”. სწორედ აღნიშნულმა ფირმამ შეიძინა 8 761 513.55 ლარად შპს “ბურჯის” ქონება 2 აგვისტოს. “გამას” დირექტორი კი არის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსის, ლევან ბეჟაშვილის მეჯვარე, ადვოკატი გიორგი ყაველაშვილი. სწორედ გიორგი ყაველაშილი მონაწილეობდა ტელეკომპანია “პირველი სტერეოსა” და ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოგრაფების საქმეებში.

რაც შეეხება “ბურჯის” ქონების შემსყიდველ შპს “გამას”,  ოფშორში რეგისტრირებულ კომპანია – სს T.A. INMOBILIARE ფლობს.

გიორგი ყავლაშვილმა რამდენიმე დღის წინ “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ “გამას” ჰყავს ინვესტორ–დამფუძნებელთა ჯგუფი, როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინვესტორები და ამ ადამიანებს სურდათ „ბურჯის“ ქონების შეძენა.

„გამას“ დამფუძნებლებმა, რომელთაც არ სურდათ ამ სიტუაციაში გამოჩენილიყვნენ, გადაწყვიტეს მოემართათ ჩემთვის, იურიდულ სფეროში გამოცდილი ადამიანისთვის და მხოლოდ ეს არის. აქ არ არის არანაირი კავშირები ხელისუფლებასთან”, – განუცხადა გიორგი ყავლაშვილმა “ნეტგაზეთს”.

ლევან ბეჟაშვილის ქორწილი. მარჯვნიდან პირველი გიორგი ყავლაშვილი

ლევან ბეჟაშვილის ქორწილი. მარჯვნიდან პირველი გიორგი ყავლაშვილი

“გამას” ხელმძღვანელი ყავლაშვილი და მისი საადვოკატო ბიურო მონაწილეობდა გასულ წელს კიდევ ერთ სკანდალურ და რეზონანსულ საქმეში: 2011 წლის ზაფხულში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულმა ფოტორეპორტიორებმა, მას შემდეგ, რაც მათ დაკავებას საზოგადოების მხრიდან ორგანიზებული პერმანენტული მხარდასაჭერი აქციები მოჰყვა, მოულოდნელად უარი განაცხადეს მათი დამცველი ადვოკატების მომსახურებაზე. ამის შემდეგ ირაკლი გედენიძისა და ნათი გედენიძის ადვოკატობა ყავლაშვილის საადვოკატო ბიუროს ადვოკატმა ცოტნე ცანავამ იკისრა, ხოლო ზურაბ ქურციკიძის დაცვა კი თავად ყავლაშვილმა აიღო საკუთარ თავზე. ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტორეპორტიორები სასამართლომ საპროცესო გარიგების შედეგად გაათავისუფლა.

ზოგადად, ყავლაშვილის საადვოკატო საქმიანობაში, რომელსაც არაერთი რეზონანსული საქმე უკავშირდება, ხშირია შემთხვევები, როდესაც სამართლებრივი დავა პროკურატურასთან საპროცესო გარიგებით სრულდება ხოლმე.

რაც შეეხება ლევან ბეჟაშვილს, რომლის ნათესავიც გიორგი ყავლაშვილია, კარიერა 1996-97 წლებში დაიწყო შსს-ს საგამოძიებო სამსახუში გამომძიებლის თანაშემწის თანამდებობაზე, 1997-2003 წლებში კი საქართველოს პარლამენტის აპარატში ეკავა სხვადასხვა პოზიციები. 2003-2004 წლებში ლევან ბეჟაშვილი იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო, 2004-2008 წლებში კი – პარლამენტის წევრი. 2008 წელს რამდენიმე თვის მანძილზე იყო საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული კახეთის რეგიონში, 2008 წლიდანვე კი ლევან ბეჟაშვილი კონტროლის პალატის თავმჯდომარე გახდა. რამდენიმე თვის წინ უწყებას სახელი შეეცვალა და ამჟამად სახელმწიფო აუდიტის სამსახური ჰქვია. ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნული თანამდებობა რამდენიმე კვირის წინ დატოვა და პრეზიდენტმა ის კახეთის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელად დანიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი