ახალი ამბები

სტატისტიკა, რომელიც საქართველოს მოსახლეობაში უსაფრთხოების განცდის ზრდაზე მიუთითებს

22 აგვისტო, 2012 •
სტატისტიკა, რომელიც საქართველოს მოსახლეობაში უსაფრთხოების განცდის ზრდაზე მიუთითებს

“აშშ, იტალია, საფრანგეთი, გერმანია, პორტუგალია, ბელგია, იაპონია, ავსტრალია, სომხეთი, აზერბაიჯანი, ესტონეთი, ლატვია, მოლდოვა, პოლონეთი, სინგაპური, ჰონკონგი, ჩინეთი – ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, რომელთა მცხოვრებლებიც თავს საქართველოს მოქალაქეებზე ნაკლებად დაცულად გრძნობენ. “რამდენად უსაფრთხოდ გრძნობთ თავს გვიან ღამით სეირნობისას?” – ამ კითხვაზე კვლევის 181 567–მა მონაწილემ სხვადასხვაგვარად უპასუხა. გამოკითხვა პირისპირ ინტერვიუს ფორმატში ჩატარდა, მასში მონაწილეობა 15 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეებმა მიიღეს. როგროც კვლევამ ცხადყო, უსაფრთხოების საშუალო მაჩვენებლი 57%–ია, ევროპის ქვეყნებისა – 65%; პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დაცულობის განცდა 51%–ს აქვს, საქართველოს მოქალაქეთა შორის კი უსაფრთხოების შეგრძნება 51%–ს აჭარბებს”, – ნათქვამია იუსტიციის სამინსიტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

კვლევის მიხედვით, დაცულობის შეგრძნება მამაკაცთა 75%–ს აქვს, ხოლო ქალებს შორის– მხოლოდ 55%–ს.  საქართველოს შემთხვევაში კი ღამე სეირნობისას თავს დაცულად ქალთა 90% და მამაკაცთა 93% გრძნობს.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველო მოქლაქეთა მიერ აღქმულია როგორც ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და ის მსოფლიოს სხვადასხვა მოწინავე ქვეყნებს უსწრებს ამ მაჩვენებლით.  

 

იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ოთარ კახიძის განმარტებით, გამოკითხულ მოსახლეობას შორის უსაფრთხოების განცდის ზრდა წინა წლებთან შედარებით უკავშირდება სისხლის სამართლის პოლიტიკას.

 

“როდესაც პოლიცია ხსნის დანაშაულებს და დანაშაულის ჩამდენი პირები წარედგინებიან  მართლმსაჯულებას და ისინი პასუხს აგებენ ჩადენილი ქმედებებისთვის, ეს ცვლის საბოლოო ჯამში სურათს. ეს არის წარმატებული მაგალითი იმისა, დანაშაულს როგორ უნდა ებრძოლო, სხვა მაგალითი ამისთვის საჭირო არც არის და არც იცნობს მსოფლიო გამოცდილება”,– განუცხადა “ნეტგაზეთს” ოთარ კახიძემ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი