ახალი ამბები

ტრამპი თანახმაა, მექსიკის საზღვარზე კედლის მაგივრად ნაწილობრივ ღობე იყოს

13 ნოემბერი, 2016 • 1514
ტრამპი თანახმაა, მექსიკის საზღვარზე კედლის მაგივრად ნაწილობრივ ღობე იყოს

ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამერიკულ ტელევიზიასთან, CBS-ისთან საუბარში აცხადებს, რომ თანამდებობის ოფიციალურად  დაკავების შემდეგ აშშ-დან დაახლოებით 3 მლნ. ადამიანის დეპორტაციას გეგმავს.

“რასაც ჩვენ ვგეგმავთ, არის, რომ შევაგროვოთ ხალხი, რომელთაც აქვთ კრიმინალური წარსული, არიან ბანდის წევრები, ნარკოდილერები – ასეთი ბევრი ადამიანია, ალბათ, 2 მლნ, ან შეიძლება- 3 მლნ. ჩვენ მათ გავუშვებთ ქვეყნიდან ან დავაპატიმრებთ,” – განაცხადა ტრამპმა გადაცემა “60 წუთში” – “ჩვენ მათ აქედან გავიყვანთ, რადგან ისინი არალეგალურად ცხოვრობენ.”

მისი განცხადებით, ამის შემდეგ, როდესაც ქვეყანა უსაფრთხო გახდება, საემიგრაციო სამსახურები დაიწყებენ დარჩენილი უსაბუთო ემიგრანტების შემოწმებას.

კითხვაზე, ააშენებს თუ არა დაპირებულ კედელს მექსიკის საზღვართან, ტრამპი პასუხობს, რომ ააშენებს, თუმცა მისთვის რესპუბლიკური პარტიის შეთავაზებაც მისაღებია იმასთან დაკავშირებით, რომ  საზღვრის გარკვეულ ნაწილებში კედლის მაგივრად  ღობე იყოს.

რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი, დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად 8 ნოემბერს აირჩიეს. მისი ინაუგურაცია 2017 წლის 20 იანვარს შედგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი