ახალი ამბებიეკონომიკა

პრემიერის თქმით, ლარის გაუფასურება გაზრდილმა იმპორტმა განაპირობა

13 ნოემბერი, 2016 • 1467
პრემიერის თქმით, ლარის გაუფასურება გაზრდილმა იმპორტმა განაპირობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება ქვეყანაში დადებითი პროცესით – გაზრდილი იმპორტითაა განპირობებული და კურსი აუცილებლად დასტაბილურდება.

“დღევანდელი ცვლილებები, რაც მოხდა, არის განპირობებული იმით, რომ იმპორტის რაოდენობა არის გაზრდილი ძალიან, ქვეყანაში მოხმარება გაიზარდა მნიშვნელოვნად. ექსპორტი რაოდენობრივად გაზრდილია, თუმცა თანხობრივ მაჩვენებლებში, ვინაიდან საექსპორტო, ძირითად ბაზრებზე ფასები არის ძალიან დაცემული, ექსპორტი ვერ დაეწია იმპორტს და ამის გამო არის სწორედ ის, რაც ხდება. უკვე დაწყებულია იმპორტის კორექტირება და აუცილებლად მოხდება კურსის დასტაბილურება… მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არის პროცესი, რომელიც ქვეყანაში დადებითი პროცესით არის განპირობებული,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

პრემიერის თქმით, მთავრობა რამდენიმე დღეში ეროვნულ ბანკთან ერთად ამ კუთხით არსებულ გეგმებს გაასაჯაროებს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 13 ნოემბერის გაცვლითი კურსით, ერთი დოლარი 2.4899 ლარი ღირს.

აგვისტოს შემდეგ ეროვნულმა ბანკმა რეზერვიდან 180 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. ბოლოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი 12 ოქტომბერს გაყიდა. მაშინ 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3365 ლარი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი