ახალი ამბები

კლინტონი საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებაში ბრალს FBI-ის სდებს

13 ნოემბერი, 2016 • 1758
კლინტონი საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებაში ბრალს FBI-ის სდებს

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ არჩევნების შედეგებზე ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) მიერ მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების განახლებამ ზეგავლენა იქონია. BBC-ის ცნობით, ეს განცხადება კლინტონმა საარჩევნო კამპანიის დონორებთან სატელეფონო საუბარში გააკეთა, რაც შემდეგ უკვე მედიაში მოხვდა.

“იმეილების საქმე” 8 ნოემბრამდე, არჩევნების დღემდე, დაახლოებით 2 კვირით ადრე განახლდა და დამატებითი მტკიცებულებების ვერ აღმოჩენის შემდეგ, 10 დღეში დაიხურა.

საგამოძიებო ბიურო ჰილარი კლინტონის მიერ სახელმწიფო მდივნის პოსტზე ყოფნის დროს მეილის პირადი სერვერის გამოყენების ფაქტს იძიებდა, რადგან არსებობდა ეჭვი, რომ კლინტონი პირადი სერვერით კლასიფიცირებულ ინფორმაციას გასცემდა. კლინოტონი აცხადებს, რომ FBI-ის ხელმძღვანელის, ჯეიმს კომეის განცხადებამ დამატებითი მეილების აღმოჩენის შესახებ მისი საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა შეაფერხა.

“როიტერის” ინფორმაციით, კლინტონის საარჩევნო შტაბმა მოამზადა ანგარიში, რომლის თანახმადაც კომეის განცხადების შემდეგ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ამომრჩეველთა განწყობები შეიცვალა. კლინტონი აცხადებს, რომ FBI-ის გადაწყვეტილებამ, შეესწავლათ მისი იმეილები, დასავლეთ შტატებში დემოკრატთა ამომრჩევლების ნდობა შეარყია.

ამერიკის შეერთებულ შტატებში 8 ნოემბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 2017 წლის 20 იანვარსაა დაგეგმილი. ტრამპი უკვე შეხვდა აშშ-ის ამჟამინდელ პრეზიდენტს ბარაკ ობამას და პოსტის მშვიდ ვითარებაში გადაბარების შესახებ ესაუბრა. ტრამპის გამარჯვებას საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი