ახალი ამბები

გამოიყენებს თუ არა თბილისის მერია სტიქიასთან ბრძოლის ხარჯებს საარჩევნო მიზნებისთვის

21 აგვისტო, 2012 • 1303
გამოიყენებს თუ არა თბილისის მერია სტიქიასთან ბრძოლის ხარჯებს საარჩევნო მიზნებისთვის

“სტიქიის შედეგად ზარალი მიადგა დიდგორის რაიონში მდებარე სოფლებს (კოჯორი, კიკეთი, დიდება, წავკისი, ტაბახმელა, შინდისი) და ისანი-სამგორის რაიონს (მათ შორის შემოერთებულ ტერიტორიებსაც). დაზიანდა სახლის სახურავები, ავტომობილები, სასათბურე მეურნეობები და სოფლის მეურნეობის სავარგულები. თბილისის მერიის თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ ზარალის დათვლას და თითოეული ოჯახის მდგომარეობის ადგილზე შესწავლას”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თბილისის მერია ავრცელებს.

 

მერიის ინფორმაციით, დიდგორის რაიონში აღწერილია დაზარალებული 203, ხოლო ისანი-სამგორის რაიონში – 163 ოჯახი.

 

“წინასწარი მონაცემებით, ზარალის რაოდენობა ზუსტდება და  დაახლოებით 2 000 000-მდე ლარს შეადგენს. თბილისის მერის გიგი უგულავას გადაწყევტილებით, აღნიშნული თანხა გამოიყოფა მერის სარეზერვო ფონდიდან, რათა უახლოეს მომავალში დაიწყოს დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილება. მოხდება თითოეული დაზიანებული სახლის აღდგენა და ასევე ყველა ის ოჯახი, რომელსაც სტიქიის შედეგად სოფლის მეურნეობის სავარგულები დაუზიანდა, მიიღებენ შესაბამის კომპენსაციას,”- ავრცელებს განცხადებას თბილისის მერია. 

 

19 აგვისტოს თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში ძლიერი სეტყვა მოვიდა. დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში წვიმა იყო სხვა რაიონებშიც.  

 

წვიმის შედეგად დაიტბორა გზის მონაკვეთი ისნის მეტროსთან, რის გამოც დაახლოებით ნახევარი საათის მანძილზე ავტომობილთა გადაადგილება შეზღუდული იყო. წვიმის შედგად წამოსულმა ნიაღვარმა ქვა–ღორღი ჩამოიტანა ბაგებში, წყნეთის გზტკეცილზე, თუმცა დასუფთავების სამსახურმა გზა მალევე გაწმინდა.

  

 

თბილისში 12 მაისს მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად მერის სარეზერვო ფონდს, რომელიც მაშინ 2 მილიონ ლარს შეადგენდა, 3 მილიონი ლარი დაემატა და ჯამში 5 მილიონი ლარი შეადგინა. უცნობია, კონკრეტულად რა ტიპის სამუშაოებისთვის დაიხარჯა სერეზერვო ფონდიდან 12 მაისს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი 3 მილიონი ლარი. კონკრეტულ ინფორმაციას მერია არც ამჯერად ავრცელებს, თუ რა ტიპის სამუშაოები იქნება ჩატარებული 19 აგვისტოს მომხდარი სტიქიის გამო სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 2 მილიონი ლარით.

 

სპეციალისტები, რომლებიც თბილისის ბიუჯეტის მონიტორინგზე მუშაობენ, გაუმჭვირვალე ხარჯებზე საუბრობენ, რაც, მათი თქმით, ართულებს იმის დასაბუთებას, გამოიყენებს თუ არა მთავრობა საბიუჯეტო სახსრებს საარჩევნო მიზნებისთვის. მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ხელმიუწვდომელია თბილისის მერიის სარეზერვო ფონდის ხარჯები, რომელსაც მერია საკრებულოს თანხმობის გარეშე განკარგავს.

 

თბილისის მერიის სარეზერვო ფონდი საარჩევნო პერიოდში საგრძნობლად იზრდება ხოლმე. მაგალითად, 2010 წელს ამ ფონდის ფინანსებმა 7 მილიონ ლარს მიაღწია. 2011 წელს – 2 მილიონამდე შემცირდა. 2012-ში კი ისევ გაიზარდა, ამჯერად – 5 მილიონამდე.  

მასალების გადაბეჭდვის წესი