ახალი ამბებისაზოგადოება

ომბუდსმენი CCloan-ს მოუწოდებს, არ გაავრცელოს დისკრიმინაციული სარეკლამო რგოლები

11 ნოემბერი, 2016 • 1632
ომბუდსმენი CCloan-ს მოუწოდებს, არ გაავრცელოს დისკრიმინაციული სარეკლამო რგოლები

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, “სისი ლოუნს” “დისკრიმინაციული სტერეოტიპების შემცველი რეკლამების” ეთერიდან მოხსნისკენ მოუწოდებს.

ომბუდსმენის ინფორმაციით, 9 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა „სისი ლოუნს“ სწრაფი სესხის შესახებ სარეკლამო რგოლებთან დაკავშირებით ზოგადი წინადადებით მიმართა.

“სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ ტელევიზიით და ინტერნეტით გავრცელებული რეკლამები, ერთი მხრივ, ტრანსგენდერი, მეორე მხრივ კი, ფინანსური სიდუხჭირის მქონე ადამიანების მიმართ უარყოფითი სტერეოტიპების გაძლიერებას უწყობს ხელს.” – ნათქვამია აპატარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შპს „სისი ლოუნის“ ერთ-ერთ სარეკლამო რგოლში რეკლამის მთავარ პერსონაჟ მამაკაცს აცვია კაბა და ახურავს პარიკი და ეწევა პროსტიტუციას, რაც სახალხო დამცველის აზრით, ტრანსგენდერი ადამიანის შარჟია. ასევე, მეორე სარეკლამო რგოლში შვილის ყულაბიდან დედა იპარავს ფულს. ამ დროს ოთახში შემოდის შვილი და დედა ბავშვს ობობით აშინებს. მესამე რეკლამაში შვილიშვილს ეტლით მოსარგებლე ბებია მიჰყავს ლომბარდში, სადაც აბარებს ეტლს, ბებია კი ზურგზე მოკიდებული მოჰყავს.

“სახალხო დამცველმა არ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტი, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლებას შეიძლება უპირატესობა მიენიჭოს დისკრიმინაციული სტერეოტიპების წახალისების თავიდან აცილების ინტერესთან დაკავშირებით და შპს „სისი ლოუნს“ მიმართა, ამოიღოს რეკლამები სატელევიზიო და ინტერნეტსივრციდან, ხოლო მომავალში თავი შეიკავოს მსგავსი შინაარსის შემცველი რეკლამების გავრცელებისგან და სარეკლამო რგოლების მომზადებისას პატივი სცეს ადამიანის ღირსებას.” – აცხადებს ომბუდსმენი.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა “სისი ლოუნს”, თუმცა სახალხო დამცველის მიმართვაზე მათი პოზიცია ჯერ ვერ მოვისმინეთ. როგორც “სისი ლოუნში” განგვიცხადეს, ისინი დღის განმავლობაში დაგვიკავშირდებიან და ჩვენს შეკითხვებს უპასუხებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი