შსს–ს პრესსამსახურის ცნობით, სერგო კიღურაძემ დაბა კულაშის საუბნო საარჩევნო კომისიის კოორდინატორს დავით კუხალაშვილს პოლიტიკური პარტიის ლოგოტიპებიანი მაისური შემოახია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სერგო კიღურაძის დაკავების დროს პოლიციელს ფორმა შემოახია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სერგო კიღურაძის ბიძაშვილმა თემურ კიღურაძემ.
პოლიციისვე ინფორმაციით, სერგო და თემურ კიღურაძეები ხულიგნობისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაპატიმრებული.
კიღურაძეების დაკავების პოლიციისგან აბსოლუტურად განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობენ “ქართულ ოცნებაში”, რომლის აქტივისტებიც არიან საქართველოს სამგზის ჩემპიონი სერგო კიღურაძე და მისი ბიძაშვილი თემურ კიღურაძე.
“სერგო კიღურაძე თავისი ბიძაშვილის, თემურ კიღურაძის სახლში იმყოფებოდა სამტრედიის რაიონის დაბა კულაშში.
ამ დროს შემოცვივდნენ სამტრედიის პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ძალიან ბარბაროსულად იქცეოდნენ, დაარბიეს სახლი, ცემეს ოჯახის დიასახლისი, მას კბილები ჩაუმტვრიეს და ყბა გაუბზარეს. შემდეგ ასევე სცემეს სერგოც და თემურიც, თან აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდნენ. ამის შემდეგ თემური მივიდა პოლიციაში ამბის გასარკვევად და დაიჭირეს წინააღმდეგობის გაწევისთვის”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” კახი კალაძის პრესსამსახურის ხელმძღანელმა ოთარ ჩრდილელმა.
ჩრდილელის თქმით, კიღურაძეების დაკავებას წინ არანაირი ინციდენტი არ უძღვოდა, მათი დაკავება პოლიტიკური ანგარიშწორების მიზნით მოხდა.
“სამტრედიაში რამდენიმე დღის წინ ჩამოსული იყო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, რომელმაც სპორტდარბაზი მოინახულა და მისი გარემონტების პირობა დადო. ბერძნულ–რომაულ ჭიდაობაში საქართველოს სამგზის ჩემპიონმა სერგო კიღურაძემ ერთ–ერთ ინტერვიუში თქვა, რომ სამტრედიელი სპორტსმენები ვარძელაშვილსა და ამჟამინდელ ხელისუფლებას გვერდით არ დაუდგებოდნენ, რადგან ამდენი წლების მანძილზე, დაპირებების მიუხედავად, სამტრედიის აღნიშნულ სპორტადრბაზში არაფერი გაკეთებულა. სწორედ ამის გამო იძიეს მასზე შური”, – მიიჩნევს ოთარ ჩრდილელი.