ახალი ამბები

‘ქართული ოცნება’ სახელმწიფოსგან სტიქიით დაზარალებულებისთვის მეტი თანხის გამოყოფას ითხოვს

17 აგვისტო, 2012 •
‘ქართული ოცნება’ სახელმწიფოსგან სტიქიით დაზარალებულებისთვის მეტი თანხის გამოყოფას ითხოვს

მაია ფანჯიკიძე
მაია ფანჯიკიძე

 

“ჩვენ დაგვიკავშირდა ძალიან ბევრი კახეთის მოსახლე, რომელიც ამბობს, რომ ის თანხა, რაც მათ მიიღეს 1500 ლარის სახით ზარალის ასანაზღაურებლად, არ არის საკმარისი. ხელისუფლებას მოვუწოდებთ, სწორად დათვლონ ზარალი და დაეყრდნონ ასევე ჩვენს მონაცემებს, რომელსაც ჩვენი აქტივისტები აგროვებენ კახეთში და მოსახლეობას მისცენ ის, რაც მათ ეკუთვნის. ხოლო თუ ეს არ მოხდება ახლა, ჩვენ ვპირდებით მოსახლეობას, რომ ოქტომბერში, როდესაც მოვალთ ხელისუფლებაში, ეს მოხდება მაშინ”, – განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე კოალიცია “ქართული ოცნების” პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ.

მისი თქმით,  80 მილიონი ლარი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხა, კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარებისთვის იყო გათვლისწინებული, ხოლო თითოეულ დაზარალებულ მოსახლეს მხოლოდ ამ ფონდიდან მინიმუმ 4 700 ლარი ეკუთვნის, იმისდა მიხედვით, როგორია ის ზიანი, რაც სტიქიამ მათ მიაყენათ.

კოალიცია ხელისუფლებას ასევე მოუწოდებს, რომ გაასაჯაროონ ის ციფრები, თუ რა სახის და რა რაოდენობის დახმარება გამოიყო კახეთის მოსახლეობისთვის სტიქიის ზარალის საკომპენსაციოდ.

სტიქიით დაზარალებული კახეთის რეგიონის მოსახლეობისთვის ფულადი კომპენსაციის გაცემა სამშაბათს, 14 აგვისტოს დაიწყო.

სახელმწიფოს მიერ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა კი შემდეგნაირად განაწილდება. პირველი კატეგორიისთვის (ვისაც მთლიანად გაუნადგურდა მოსავალი) გამოყოფილი თანხის ოდენობა 1 500 ლარს შეადგენს, მეორე კატეგორიაში (ვისაც ნაწილობრივ გაუნდგურდა ქონება) შესული დაზარალებულები 1 000 ლარს მიიღებენ, მესამე კატეგორია კი – 500 ლარს მიიღებს.  

სტიქია კახეთში 19 ივლისის ღამეს ძლიერი ქარიშხლით დაიწყო. ქარიშხალს წვიმა და სეტყვა მოჰყვა. ყველაზე მეტად თელავის და  გურჯაანის რაიონის სოფლების მოსახლეობა დაზარალდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი