ახალი ამბები

ალგანი: თანამშრომელი, რომელმაც ძაღლს სცემა, ოფიციალურად არ გაგვითავისუფლებია

9 ნოემბერი, 2016 • 3576
ალგანი: თანამშრომელი, რომელმაც ძაღლს სცემა, ოფიციალურად არ გაგვითავისუფლებია

“ალგანის” დირექტორის მოადგილე ეკა ჩხეიძე ამბობს, რომ მათი თანამშრომელი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი სცემა, სამსახურიდან დროებით არის გათავისუფლებული. ჩხეიძის თქმით, ოფიციალურად არ ჰქონდათ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიღებული და კომპანია სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.

“ჩვენ ეს თანამშრომელი მოვხსენით იმ ობიექტიდან. ახლა არ იმყოფება არც ერთ ობიექტზე. ველოდებით სასამართლო გადაწყვეტილებას. როგორც კი მიიღება სასამართლო გადაწყვეტილება, იმის შესაბამისად მოვიქცევით. უბრალოდ, იმ ობიექტზე არ მუშაობს დროებით. ის გათავისუფლებულია, სანამ სასამართლო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული,” – აცხადებს ეკა ჩხეიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

კომპანიაში არ იციან, თუ როდის არის მიუსაფარ ცხოველზე მოძალადე დაცვის სასამართლო პროცესი, რადგან კონკრეტულად ამ ადამიანის სახელზეა სარჩელი შეტანილი: “ის პიროვნება მიიღებს ამ შეტყობიენბას და ალბათ მერე ჩვენც მოგვაწოდებს ინფორმაციას. ჯერჯერობით არ ვართ ინფორმირებული, თუ როდის გაიმართება პროცესი.”

“ნეტგაზეთი” 6 ნოემბერს “ალგანის” დაცვისა და ტექნიკური აღჭურვილობის სამსახურის უფროსს როლანდ მინაძეს ესაუბრა, რომელმაც თავდაპირველად განგვიცხადა, რომ ძაღლზე მოძალადე დაცვის მიმართ მხოლოდ ადმინისტრაციული ზომები მიიღეს და არავინ აპირებდა მისი სამსახურიდან გათავისუფლებას, თუმცა, რამდენიმე წუთში, როლანდ მინაძე თავად დაგვიკავშირდა და განაცხადა, რომ კომპანიამ მათი თანამშრომელი გაათავისუფლა სამსახურიდან.

ეკა ჩხეიძის განმარტებით, ძაღლის ცემაში ბრალდებული დაცვის თანამშრომელი ოფიციალურად არ გაუთავისუფლებიათ სამსახურიდან და, უბრალოდ, დროებით არის მოხსნილი ობიექტიდან, რომელსაც იცავდა: “ის ობიექტზე არ იმყოფება ამჟამად. ველოდებით სასამართლო გადაწყვეტილებას.”

Update: ჩვენ ასევე ვესაუბრეთ “ალგანის” დირექტორს, რომელიც ადასტურებს, რომ მომხდარიდან მეორე დღეს ძაღლის ცემაში ბრალდებული მართლაც იმყოფებოდა იმავე ობიექტზე, თუმცა მისი განმარტებით, იგი მალევე მოხსნეს პოსტიდან და სხვა თანამშრომლით ჩაანაცვლეს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელები აცხადებენ, ყველამ პასუხი აგოს კანონის წინაშე. “ალგანმა” მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება “ფეისბუკის” ოფიციალურ გვერდზე 7 ნოემბერს გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ კომპანია გმობს და ემიჯნება ყველა სახის ძალადობას.

დაცვის კომპანია “ალგანის” თანამშრომელმა ვარკეთილში მდებარე ერთ–ერთი სუპერმარკეტის კართან მწოლიარე მიუსაფარი ძაღლი ჯოხით სცემა. ამის ამსახველი ვიდეომასალა თვითმხილველმა სოციალურ ქსელში 5 ნოემბერს გამოაქვეყნა, რასაც არაერთგვაროვანი გამოხმაურებები და ცხოველთა დამცველების პროტესტი მოჰყვა.

ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით, თუმცა, როგორც შსს–ში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 104–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველებისა და ფრინველებისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს, რასაც მათი დაღუპვა ან დასახიჩრება მოჰყვა, აგრეთვე, ცხოველებისა და ფრინველების წვალება.

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით 104–ე მუხლით ჩადენილი დანაშაული ითვალისწინებს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე. ცხოველთა დამცველები დიდი ხანია 104–ე მუხლს “მკვდარს” უწოდებენ და მიაჩნიათ, რომ ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა უფრო მკაცრად უნდა ისჯებოდეს.

ამ ამბის გახმაურების შემდეგ საქართველოს მთავარ პროკურატურასთან 12 ნოემბერს, 15:00 საათზე, საპროტესტო აქცია დაიგეგმა. ისინი “ალგანის” დაცვის თანამშრომლის დასჯასა და სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის ამოქმედებას მოითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი