ახალი ამბები

ჩუგოშვილი: არ მგონია, უსაფრთხოების თემამ აშშისთვის უკანა პლანზე გადაიწიოს

9 ნოემბერი, 2016 • 1311
ჩუგოშვილი: არ მგონია, უსაფრთხოების თემამ აშშისთვის უკანა პლანზე გადაიწიოს

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩუგოშვილი, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტში თავმჯდომარის პირველი მოადგილე იქნება, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად იმუშავებს ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან. ამის შესახებ მან  აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების კომენტირებისას განაცხადა.

თამარ ჩუგოშვილის აზრით, აშშ-ის შიდა პოლიტიკაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდება:

“ამერიკის შიდა პოლიტიკაში ალბათ გარკვეული სხვაობა იქნება. კამპანიის პერიოდში განსხვავებული გზავნილები გვესმოდა ქალბატონი კლინტონიგან და ბატონი ტრამპისგან. ტრამპს აქცენტი უფრო მეტად ეკონომიკურ განვითარებაზე, სოციალურ გაძლიერებაზე აქვს. ქალბატონი კლინტონის განცხადებები შედარებით განსხვავებული იყო. ”

მისივე თქმით, საქართველო აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან აქტიურად იმუშავებს:

“დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის და საქართველოს ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად უნდა დაუახლოვდეს ერთმანეთს, ამერიკა ჩვენთვის მთავარი სტრატეგიული პარტნიორია. ამერიკიდან საქართველოს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა, ეს დადასტურდა ცოტა ხნის წინ [ამერიკის სენატის მიერ] მიღებული მხარდამჭერი რეზოლუციით და ფაქტია, რომ რესპუბლიკური პარტია ისევე უჭერს მხარს საქართველოს, როგორც დემოკრატიული პარტია. ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ ახალ ადმინსიტრაციასთან და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენსა და ამერიკას შორის თანამშრომლობა ყველა მიმართულებით კიდევ უფრო გამყარდეს.”

ჩუგოშვილის თქმით, ჯერჯერობით რთულია იმის შესახებ საუბარი, თუ როგორ წარიმართება აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობები:

“ამას ვნახავთ. ჩვენთვის მთავარი არის, რომ საქართველოს სტრატეგიული ინტერესები მაღალ დონეზე იქნას აწეული ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციაში, ეს თანამშრომლობა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი დეკლარირებული მიზნებისთვის, ეს არის დეოკუპაცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ქვეყნის განვითარება ეკონომიკური და სხვა მიმართულებებით. ჩვენ ასე უნდა გავაგრძელოთ. გარკვეული სიახლეები ალბათ იქნება, ადმინისტრაცია იქნება განახლებული. ჩვენ გავაგრძელებთ იმ პოლიტიკის გატარებას, რასაც საქართველო წლების განმავლობაში ატარებდა”.

თამარ ჩუგოშვილის აზრით, უსაფრთხოების საკითხი აშშ-ში უკანა პლანზე არ გადაიწევს:

“ნატოსთვის ამერიკის შეერთბულ შტატებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ნატო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა, არ მგონია, რომ უსაფრთხოების თემატიკამ ამერიკისთვის უკანა პლანზე გადაიწიოს. თავდაცვისა და უსაფრთხოების თემატიკაზე ჩვენ ამერიკასთან გვაქვს როგორც ორმხრივი ურთიერთობა, ასევე ნატოს მეშვეობით ვურთიერთობთ. ორმხრივი თანამშრომლობით იქნება თუ ნატოს მეშვეობით, დარწმუნებული ვარ, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხს ჩვენს რეგიონში განსაკუთრებულად არანაირი  საფრთხე ექმურება.”

მასალების გადაბეჭდვის წესი