“დღეს დილიდან რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომ და ორმა სატელევიზიო არხმა გაავრცელა გადაუმოწმებელი ინფორმაცია ქართველი ჯარისკაცის პავლე თაბაგარის ავღანეთში დაღუპვის შესახებ. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და არის სრული სიცრუე.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მასმედიას, არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი ინფორმაცია, არ მიაყენონ ფსიქოლოგიური ტრავმა ჯარისკაცების ნათესავებს და არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში”,– ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 16 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.
ჯარისკაცის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე “ნეტგაზეთი” ინფორმაციის გადამოწმებას შეეცადა, თუმცა ახალციხის რაიონის გამგეობაში აღნიშნული ფაქტი არ დაადასტურეს. ინტერნეტგამოცემა “ქიზიყმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ პავლე თაბაგარი ახალციხიდან, სოფელ ვალედან იყო. გამოცემას სტატიისთვის დართული აქვს ჯარისკაცის ფოტო.
“ქიზიყი” ასევე აქვეყნებს პავლე თაბაგარის ნათესავების კომენტარს, რომლებიც ამბობენ, რომ ჯარისკაცს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება და სავარაუდოდ მოწამლეს და ისე მოკლეს.