ახალი ამბები

“ქართული ოცნების” აქციამდე რუსთავში სააკაშვილი ჩავიდა

16 აგვისტო, 2012 • • 1000
“ქართული ოცნების” აქციამდე რუსთავში სააკაშვილი ჩავიდა

“არ შემიძლია არ ვთქვა, რომ თქვენთან ძალიან კარგი გზით და განათებული ქუჩებით მოვედი. როდესაც ვლაპარაკობთ რუსთავზე, ზოგიერთები ამბობენ ხოლმე: ამ მთავრობამ ვირტუალური რეალობა შექმნა, ყველაფერი მხოლოდ ტელეეკრანზე ხდება და ცხოვრებაში არაფერი იცვლებაო. კარგად მახსოვს 8 წლის წინანდელი რუსთავი – სად ვიყავით მაშინ და სად ვართ ყველანი დღეს”, – მიმართა პრეზიდენტმა სააკაშვილმა რუსთაველებს.

პრეზიდენტმა ისაუბრა ხელისუფლების მიერ გაკეთებულ და გასაკეთებელ საქმეებზე.

“ბოლო თვეების განმავლობაში შევქმენით რამდენიმე დიდი ლოჯისტიკური, საავტომობილო და  სავაჭრო ცენტრი, ავტოტრეკი, რამდენიმე დიდი ახალი და ძველი საწარმო. ყველაფერი ამუშავდა და ეს მხოლოდ დასაწყისია. რუსთავში არაჩვეულებრივი ახალგაზრდობაა. აქ ყველა სკოლა საუკეთესო იქნება, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი, მაღალანაზღაურებადი და კვალიფიციური პედაგოგებით. რუსთავში ახლა გადამზადების საუკეთესო ცენტრს ვაშენებთ, რათა ახალი სპეციალისტები აღვზარდოთ და ძველები გადავამზადოთ. ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ 55 ან 57 წლის ადამიანს არ სჭირდება დაფასება და ახალი საქართველოს მშენებლობაში ჩართვა”, – განაცხდა სააკაშვილმა.   

მისივე თქმით, უკვე დაიწყო თბილისი-რუსთავის ავტობანის მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ რუსთავის გასასვლელიდან თბილისის ცენტრში ჩასასვლელად 7 წუთი იქნება საჭირო.

პრეზიდენტმა რუსთაველებს ასევე მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიც წარუდგინა.

“დღეს მაქვს პრივილეგია, რომ წარგიდგინოთ თქვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ბატონი მამუკა ჩიქოვანი. იგი არის რუსთაველი, მისი მშობლებიც და მეუღლეც რუსთაველები არიან და არის ამ ქალაქის ყველაზე დიდი პატრიოტი. ვუსურვებ მას წარმატებას”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

მამუკა ჩიქოვანი რუსთავის ყოფილი მერი და ქვემო ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილეა.

რუსთავში კოალიცია “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზვიად ძიძიგურია. კოალიციის აქცია, მისი ლიდერის – ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით, რუსთავში 19 აგვისტოს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი