ახალი ამბები

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ქართველი დივერსანტის განადგურებაზე საუბრობს

16 აგვისტო, 2012 •
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ქართველი დივერსანტის განადგურებაზე საუბრობს

ინფორმაციას სპეცოპერაციის შესახებ აფხაზეთის  დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “აპსნიპრესი” ავრცელებს.  როგორც აფხაზი სამართალდამცავები ამტკიცებენ, ქართული სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებულ “დივერსიულ ჯგუფს” მიზნად აფხაზეთის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების მოწყობა ჰქონდა დასახული, თუმცა, აფხაზეთის უსაფრთხოების სამსახურმა აღნიშნული აღკვეთა. ჯერჯერობით არ სახელდება მოკლულის ვინაობა.

 

როგორც აფხაზური საინფორმაციო სააგენტო წერს, “დივერსანტმა” შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია აფხაზ სამართალდამცავებს, რის შემდეგაც ის ადგილზე მოკლეს. გარდა ამისა, დაკავებული არიან სოფელ პრიმორსკის მკვიდრი ძმები – გოგიტა და პაატა ბუთბაიები, ასევე მათი მამა გურამ ბუთბაია. აფხაზი სამართალდამცავები მათ ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში სდებენ ბრალს. 

 

აფხაზეთის დეფ აქტო რესპუბლიკის სამართალდამცავები მუშაობას აგრძელებენ “დივერსიული ჯგუფის” სხვა წევრების გამოსავლენად.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით, ჯერჯერობით, განცხადება არ გაუკეთებია. სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძრანელი სალომე მახარაძე ინფრომაციის გარკვევას დაგვპირდა, რომელსაც დაუყონებლივ მოგაწვდით.

 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა აფხაზეთის დე ფაქტო მმართველები ქართულ სპეცსამსახურებს აფხაზეთის ტერიტორიაზე დივერსიებისა და თავდასხმების მომზადებაში ადანაშაულებენ. რამდენიმე თვის წინ გალში, ერთ–ერთი კაფეში პოლიციელის მკვლელობაც აფხაზმა სამართალდამცავებმა ქართულ სპეცსამსახურებს მიაწერეს. 

 

თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლებამ ასევე რამდენიმე თვის წინ საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების მოწყობისა და მოწყობის მცდელობისთვის შვიდი პირი გაასაამრთლა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მათ ტერორისტული აქტები აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსი გენერლების მითითებით დაგეგმეს და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში განახორციელეს, ან აპირებდნენ განხორციელებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი