ახალი ამბები

ქართული სოფლების აღებაზე თიბილოვის განცხადებამ დევნილები აღაშფოთა

15 აგვისტო, 2012 •
ქართული სოფლების აღებაზე თიბილოვის განცხადებამ დევნილები აღაშფოთა

ნაზი ბერუაშვილი ამჟამად კარალეთის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. მისი აზრით, ოსური ხელისუფლება ქართული სოფლების კვალის წაშლას ბოლომდე ვერ შეძლებს:

  

„ამას ვერავითარი ძალა ვერ წაშლის, წაშლაც დროებითია, რაღაც მედიდურობაც და მკერდზე მჯიღის ცემაც დროებითია. ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, ამას დრო სჭირდება. როგორ უნდა წაშალონ? საიდან უნდა წაშალონ? სად უნდა წაშალონ? რითი უნდა წაშალონ ისე, რომ ფესვმა არ ამოიხეთქოს. რა ქიმიური ნივთიერება არსებობს, რომ ეს წაშალონ? ვინ წაშლის ამას?“ – აცხადებს ნაზი ბერუაშვილი.

 

ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატი ბადრი ბასიშვილი მიიჩნევს, რომ თიბილოვი კრემლის შეკვეთას ასრულებს და ის როგორც ქართველი, ისე ოსი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებს: 

 

„ფაქტია, რომ თიბილოვი ყველანაირ მითითებებს კრემლში იღებს. საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ქართველები ვცხოვრობდით და როგორც გინდა მიწასთან გაასწორონ იქაურობა, მაინც ვერ წაშლიან ისინი ქართულ კვალს. მთლიანად გარუსება მიმდინარეობს ცხინვალის რეგიონის და თუ ასე გაგრძელდა, ეთნიკური ოსები აღარ იარსებებენ ცოტა ხანში. ახლა ის დროა, რომ აქტიურად ჩაერთონ როგორც ჩვენი მეგობარი ევროპელები, ისე ამერიკელები და აქტიურად დაუპირისპირდნენ კრემლის ავანტიურას, რომელსაც თიბილოვის ხელით ახორციელებს,“ – ამბობს ბადრი ბასიშვილი.

 

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა რუსულ გამოცემა “იზვესტიასთან” საუბარში განაცხადა, რომ ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარე ქართულ სოფლებს სახელწოდებები აღარ ექნებათ, ის აღარ იქნება დასახლებული პუნქტები და მოეწყობა სამრეწველო ზონები.

 

კონფლიქტის ზონაში ქართული სოფლები 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად განადგურდა. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, უვნებლად გადარჩენილი რამდენიმე სახლი მხოლოდ თამარაშენშია შემორჩენილი, სადაც ახალი რაიონი – “მოსკოვსკი” უკვე აშენებულია. თიბილოვის თქმით, მათ უვნებლად დატოვეს ტაძარი სოფელ კეხვში. საცხოვრებელი სახლები კი, რომლებიც, ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციით, განადგურებული და დანგრეულია ომის შემდეგ ქართულ სოფლებში, მთლიანად იქნება აღებული.

 

რუსული გამოცემა სტატიის ბოლოს აღნიშნავს, რომ რუსეთის პრემიერმინისტრი დმიტრი მედვედევი ცხინვალში ვიზიტისას აუცილეებლად ნახავდა ქართული სოფლების ნასახლარებს, სადაც მისმა კორტეჟმა ორჯერ გაიარა. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ამ ტერიტორიების მთლიანად გაწმენდის გადაწყვეტილება თიბილოვმა სწორედ მედვედევთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი