მოსამართლე კობა გოცირიძემ 10 აგვისტოს კახი კალაძე საკუთარი საბანკო ანგარიშიდან გატანილი თანხის ხუთმაგი ოდენობით – 17 მილიონამდე ლარით დააჯარიმა. გოცირიძემ ამ გადაწყვეტილებით გაიზიარა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეჭვი, რომ კალაძემ თანხა შემოვლითი გზით, სხვა პირთა მეშვეობით გადარიცხა “ქართული ოცნების” ანგარიშზე. ის, რომ აუდიტის სამსახურს ამ სქემის გამამყარებელი კონკრეტული მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, არ გამხდარა ბარიერი მოსამართლე კობა გოცირიძისთვის, რომ კალაძე დაეჯარიმებინა.
ორი თვის წინ კობა გოცირიძემ ბიძინა ივანიშვილს დააკისრა 126– მილიონიანი ჯარიმა. მოსამართლემ მაშინაც სრულად გაიზიარა კონტროლის პალატის [ამჟამინდელი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის] პოზიცია, რომ “გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” მიერ მოსახლეობისთვის სატელიტური ანტენების მონტაჟი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ მიზნებს უკავშირდებოდა და, შესაბამისად, ეს პოლიტიკური ძალისთვის უკანონო შემოწირულობა იყო, თუმცა კონტროლის პალატას არც ამ შემთხვევაში წარუდგენია კონკრეტული დოკუმენტური მტკიცებულება, რომ “გლობალ კონტაქტ კონსალტინგი” იყო ბიძინა ივანიშვილის საკუთრება, ან ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა გადაურიცხა ვინმე ფიზიკურ ან იურიდიულ პირს თანხა “გლობალ ტვ”-ის ანტენების შეძენა-მონტაჟისთვის.
გოცირიძის ეს გადაწყვეტილება მაშინ თბილისის სააპელაციო სასამართლომ შეცვალა და ივანიშვილს ჯარიმა გაუნახევრა, თუმცა დღეს იგივე აღარ გაიმეორა მეორე ინსტანციის სასამართლომ და ძალაში დატოვა კობა გოცირიძის გადაწყვეტილება კალაძის 17 მილიონამდე ლარით დაჯარიმების შესახებ.
მოსამართლე გოცირიძე, როგორც წესი, იხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კუთხით ყველაზე რეზონანსულ საქმეებს და მათ თითქმის მუდმივად ადმინისტრაციული ორგანოების სასარგებლოდ წყვეტს.
მიმდინარე წლის დასაწყისში, როდესაც საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა პოლიციის თანამშრომლების მიერ სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 6 წლისთავთან დაკავშირებით, რამდენიმე ადამიანი დააკავეს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით. პოლიციელებმა ისინი მაშინ დააკავეს, როდესაც რუსთაველის გამზირის სავალ ნაწილზე გადასვლა სცადეს. მათი საქმეები სწორედ მოსამართლე კობა გოცირიძემ განიხილა და დაკავებულები დამნაშავედ სცნო. მათ 400-400– ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრათ.
გასული წლის აპრილში მოსამართლე კობა გოცირიძემ განიხილა იმ 10 ადამიანის საქმე, რომლებიც უზენაესი სასამართლოს წინ გამართულ აქციაში – “მეც პატიმარი ვარ” – მონაწილეობდნენ და პატიმართა უფლებების შელახვის ფაქტებს აპროტესტებდნენ. გოცირიძემ გაიზიარა შსს-ს არგუმენტები, რომლის მიხედვითაც დაკავებულებმა უკანონოდ გადაკეტეს გზის სავალი ნაწილი და კვერცხები ესროლეს უზენაესი სასამართლოს შენობას. დაკავებულების ადვოკატებმა მაშინ განაცხადეს, რომ მოსამართლე მთლიანად პოლიციელების ჩვენებას დაეყრდნო და უარი განაცხადა იმ ვიდეომასალის გამოკვლევაზე, რომელიც მოსამართლეს ობიექტური გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებოდა. კობა გოცირიძემ აღნიშნული საქმის განხილვის შედეგად ათივე დაკავებული დამნაშავედ ცნო: მათგან ოთხს რამდენიმედღიანი პატიმრობა შეუფარდა, ექვსს კი 400-400– ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
ადვოკატები ხშირად აცხადებენ, რომ მოსამართლე კობა გოცირიძე გადაწყვეტილებებს ადმინისტრაციული ორგანოების სასარგებლოდ, ტენდენციურად იღებს, რის გამოც მისი ბოლო გახმაურებული საქმეების განხილვის დროს ბიძინა ივანიშვილისა და კახი კალაძის ადვოკატებმა მოსამართლე კობა გოცირიძის საქმიდან აცილება მოითხოვეს, მაგრამ – უშედეგოდ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინსიტრაციულ საქმეთა მოსამართლე კობა გოცირიძემ კარიერა 1993 წელს ქარელის პროკურატურაში სტაჟიორ გამომძიებლად მუშაობით დაიწყო. სხვადასხვა დროს ის ამავე რაიონში მუშაობდა პროკურორად, მოგვიანებით კი ხაშურში პროკურორის თანაშემწედ გადაიყვანეს.
2002 წლიდან იგი ქუთაისის საოლქო სასამართლოს (რომელიც მოგვიანებით გარდაიქმნა სააპელაციო სასამართლოდ) მოსამართლედ დაინიშნა. 2010 წლიდან გოცირიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მუშაობს და ადმინისტრაციულ საქმეებს განიხილავს.
კანონით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეების ხელფასი თვეში 2300 ლარს შეადგენს, თუმცა კობა გოცირიძის წლიური შემოსავალი, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 45 609 ლარია.