თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, სასულიერო პირს – გიორგი მეგრელიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ხოლო მასთან ერთად დაკავებულ პირს- წინასწარი პატიმრობა.
წარდგენილი ბრალის თანახმად, სასულიერო პირს ბრალად ედება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და გადაზიდვა, ხოლო მასთან ერთად დაკავებულ პირს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა და გადაზიდვა, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება. მასვე ბრალად ედება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და გადაზიდვა.
“სასამართლომ შუამდგომლობის განხილვისას მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ოთარ ს. არის წარსულში არაერთხელ ნასამართლევი სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულისათვის, ამასთან, მას ბრალად ედება განზრახი, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რომელიც სასჯელის სახედ უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვიდან ოც წლამდე ვადით ან უვადოდ. სასამართლომ მხედველობაში მიიღო ასევე ბრალდებულის კონტაქტები ქვეყნის გარეთ და, შესაბამისად, მიიჩნია, რომ არსებობს მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის შიშით მიმალვისა და მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლის საფრთხე. რაც შეეხება ბრალდებულ გიორგი მ.-ს, მის მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვს წლამდე ვადით. სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებული არაა წარსულში ნასამართლევი და არც ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირი, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ გირაოს გამოყენების პირობებშიც მიღწეული იქნება აღკვეთის ღონისძიების მიზნები”,- ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ გიორგი მეგრელიშვილს მღვდელმსახურება მომხდარის გამო შეჩერებული აქვს. გიორგი მეგრელიშვილს 2013 წელს ზესტაფონში პატრულთან მოუვიდა დაპირისპირება, როდესაც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.





