გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას. დასაბუთებული გადაწყვეტილება კი ადვოკატებს გონივრულ ვადაში გადაეცემათ. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ.
შეგახსენებთ, 11 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის (კონტროლის პალატა) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის განხილვა დაასრულა და ივანიშვილს ჯარიმის სახით 21 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დააკისრა. თანხის გადახდა 7 დღის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.
ივანიშვილის ადვოკატის შალვა თადუმაძის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ყველაზე უპრეცენდენტოა იმ გადაწყვეტილებებს შორის, რომელიც საერთოდ სასამართლოს მიუღია ბიძინა ივანიშვილის მიმართ.
ადვოკატ თადუმაძის განცხადებით, აღნიშნულ საქმეს საერთაშორისო ასპარეზზე გაიტანენ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებით, “2012 წლის განმავლობაში გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების მქონე პირებმა ბიძინა ივანიშვილმა და კახი კალაძემ კუთვნილი საბანკო ანგარიშებიდან, ნაღდი ფულის სახით, დანიშნულების მითითების გარეშე სოლიდური თანხები გაიტანეს. დასახელებულ პერიოდში ბიძინა ივანიშვილმა გაანაღდა 5.552.135 ლარი, ხოლო კახი კალაძემ –3.388.992 ლარი.”
ბიძინა ივანიშვილს და კახი კალაძეს, როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აცხადებენ, მილიონობით ლარის ხარჯვის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ფაქტის დადასტურების მიზნით აუდიტის სამსახურის მიერ გაეგზავნათ წერილი, რათა წარმოედგინათ დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია ამ თანხებით განხორციელებული საქმიანობისა და გაწეული ხარჯების შესახებ, რაზეც დაუსაბუთებელი უარი განაცხადეს.