ახალი ამბები

ომბუდსმენი პარლამენტს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებისკენ მოუწოდებს

14 აგვისტო, 2012 •
ომბუდსმენი პარლამენტს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებისკენ მოუწოდებს

განცხადებაში, რომელიც ომბუდსმენის ოფისმა დღეს, 14 აგვისტოს გაავრცელა, წერია, რომ საქართველოს სახალხო დამცველს უკანასკნელი თვეების მანძილზე განცხადებით არაერთმა პირმა მიმართა, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ საგამოძიებო ორგანოების მიერ მათი ქონების ან საბანკო ანგარიშების დაყადაღების გამო უკანონოდ იზღუდებოდა მათი საკუთრების უფლება.

 

“ამავდროულად, სახალხო დამცველმა  საკუთარი ინიციატივით დაიწყო რამდენიმე, საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი, საქმის შესწავლა, რომელიც დაკავშირებული იყო „გლობალ კონსალტინგისა“ და სტუდია „მაესტროს“ საკუთრებაში არსებული სატელიტური ანტენების, ასევე სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირების საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან.

 

მსგავსი საქმეების შესწავლისას სახალხო დამცველი უფლებამოსილია შეაფასოს მხოლოდ სასამართლოს მიერ საკითხის განხილვისას მხარეთა პროცესუალური უფლებების დაცვის საკითხი, ხოლო საკითხის გადაწყვეტისას მოსამართლის მიერ მტკიცებულებათა შეფასება სახალხო დამცველის კომპეტენციას ცდება”, – ნათქვამია ომბუდსმენის, გიორგი ტუღუშის განცხადებაში.

 

ომბუდსმენის განცხადებით, ხსენებულ საქმეთა განხილვისას გამოიკვეთა, რომ როგორც ნივთების, ასევე საბანკო ანგარიშების დაყადაღება შეეხებოდა იმ პირთა ქონებას,  რომლებიც სისხლის სამართალწარმოებისას მხარეს არ წარმოადგენდნენ (არ იყვნენ ბრალდებულნი). საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი კი ყადაღის გასაჩივრების უფლებას მხოლოდ მხარეს ანიჭებს.

 

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ კანონმდებლობის მიერ საკითხის დაურეგულირებლობა (ის, რომ მესაკუთრე ვერ ასაჩივრებს საკუთარ ქონებაზე დადებულ ყადაღას) იწვევს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე (სამართლიანი სასამართლოს უფლება) და 21-ე (საკუთრების უფლება) მუხლების დარღვევას.

 

შესაბამისად, სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს, განახორციელოს სათანადო ცვლილებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რაც, მისივე მოსაზრებით, შექმნის ეფექტურ საშუალებას სამართალდამცავი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე ყადაღის გამოყენებისას მესაკუთრის მიერ საკუთარი უფლების სასამართლოში დასაცავად.

მასალების გადაბეჭდვის წესი