ახალი ამბები

უშბაზე ალპინისტთა გადარჩენის ოპერაცია გრძელდება

12 აგვისტო, 2012 •
უშბაზე ალპინისტთა გადარჩენის ოპერაცია გრძელდება

ექსპედიციის წევრებმა 11 აგვისტოს მაშველებს განუცხადეს, რომ მათი თანაგუნდელი ყინულიდან მოწყდა და დაიღუპა.  

“უშბაზე იმყოფებოდა რუსი ალპინისტების სამკაციანი ჯგუფი, გუშინ ისინი  დახმარების თხოვნით დაგვიკავშირდნენ  და გვითხრეს, რომ ერთი ალპინისტი მოწყდა ყინულიდან და დაიღუპა, მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები და დღეს იმედი გავქვს, რომ ჩვენი მაშველები შეძლებენ მათი ვერტმფრენით ჩამოყვანას,”– აცხადებს მესტიის გამგებელი ილია ჯაფარიძე.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის უშბაზე კიდევ ერთი სამაშველო ოპერაცია სომეხი ალპინისტის გადასარჩენად მიმდინარეობს.  ის უკვე რამდენიმე დღეა,  4.500 მეტრ სიმაღლეზე იმყოფება და მის გადასარჩენად სამუშაოები უკვე მესამე დღეა უშედეგოდ მიმდინარეობს.

გამგებლის ინფორმაციით,  სომეხი ალპინისტის მდგომარეობა სტაბილურია, მას აქვს საკვების მარაგიც. სამი სამაშველო ჯგუფი, რომელიც ალპინისტის გადარჩენაზე მუშაობს, მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გამო  მთასვლელის  ბანაკამდე მისვლას ვერ ახერხებენ.

“ სამი სამაშველო ჯგუფი გასულია უკვე მესამე დღეა მის დასახმარებლად, იყო ძალიან ცუდი ამინდები, მოვიდა ძალიან დიდი თოვლი უშბაზე, ისინი ფიზიკურად ვერ მუშაობენ. გუშინ შედარებით გამოიდარა და 3800 მეტრამდე ავიდნენ ჩვენი სამაშველო ჯგუფები, სომეხი ალპინისტი დაინახეს კიდეც, თუმცა მაშველებს წამოსულმა ზვავებმა ხელი შეუშალა და იძულებული გახდნენ, ამ სიმაღლეზე დაბანაკებულიყვნენ,” – განმარტავს მესტიის გამგებელი ილია ჯაფარიძე.

უშბაზე შერჩენილი ალპინისტის ანდრანიკ მირიბიანის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში რამდენიმე დღეა გამოჩნდა.  სომხური საინფორმაციო სააგენტო news.am  10 აგვისტოს ავრცელებდა ინფორმაციას,  რომ უშბაზე დარჩენილი ალპინისტი უკვე რამდენიმე დღეა უშედეგოდ ელოდება ქართველ მაშველებს.

“მზად ვარ, მოვიცადო რამდენიმე დღე, ოღონდ დანამდვილებით ვიცოდე, რომ ვერტმფრენი მოვა. წინააღმდეგ შემთვევაში, მე მისაღები მექნება  რისკიანი გადაწყვეტილება და შაბათ დილით ქვევით დაშვებას დავიწყებ. რაც უფრო მეტ დროსა და რესურსებს ვკარგავ, მით უფრო მეტად სარისკო გახდება ჩემთვის ქვევით დაშვება” – აცხადებს ალპინისტი  news.am  -თან საუბარში. 

გუშინ, 11 აგვისტოს news.am -მა სომხურ სამაშველო ცენტრზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხური მხარე სამაშველო ოპერაციის მეტი ეფექტიანობითვის საქართველოს ვერტმფრენს გამოუგზავნის. გადაყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს შეთანხმების საფუძველზე იქნა მიღებული.

მესტიის გამგებლის ილია ჯაფარიძის განმარტებით, სომეხი ალპინისტი, მიუხედავად მრავალჯერადი გაფრთხილებისა, უშბისკენ მარტო დაიძრა, 4500 მეტრიდან კი ალპინისტი უკან დაშვებას შესაბამისი აღჭურვილობის უქონლობის გამო ვერ ახერხებს.

“ჩვენმა მაშველებმა უკვე დაინახეს ის.  დღეს შეეცდებიან, რომ მიაწვდინონ ხმა, რომ ჩამოვიდეს უფრო ქვევით, ისეთ ადგილზე, სადაც ვერტმფრენი მისვლას შეძლებს,” – განაცხადა ილია ჯაფარიძემ.

ushba
ushba

მასალების გადაბეჭდვის წესი