ახალი ამბები

ზვარეში დასაქმებულებზე თავდასხმის გამო სამი ადამიანი დააკავეს

3 ნოემბერი, 2016 • 1312
ზვარეში დასაქმებულებზე თავდასხმის გამო სამი ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებზე ძალადობის გამო სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა:  33 წლის ჭ. ლ., 33 წლის ჩ.ჟ და 32 წლის ჰ.ჩ.

2 ნოემბრის საღამოს და 3 ნოემბრის დილას ადგილობრივ მოსახლეობასა და მუშებს კომპანიის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ: მუშების ცნობით, დამსაქმებლებმა მათ საცემად არმატურა, დანები, ხის ჯოხები და ხორცის საკეპი ნაჯახები გამოიყენეს. მათი ცნობით, 7 ადამიანი ხაშურისა და ზესტაფონის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

გამოძიებამ კი დაადგინა, რომ დაკავებულებმა 3 ნოემბერს “ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე საქართველოს 4 მოქალაქეს ბლაგვი საგნით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს”.

თავდაპირველად  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე, ცემის მუხლით მიმდინარეობდა, თუმცა ამჟამად საქმეს კვალიფიკაცია შეეცვალა და გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლით).

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში კომპანია“ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი”, რომელიც “საქართველოს რკინიგზის” კონტრაქტორი კომპანიაა, სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის ფარგლებში საქართველოში რამდენიმე გვირაბს აშენებს. აქ დასაქმებული მუშები მძიმე სამუშაო პირობებს დიდი ხნის განმავლობაში უჩიოდნენ და აგვისტოში გაიფიცნენ კიდეც. მათი გაფიცვა გაფიცვა 15 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და 4 სექტემბერს დასრულდა. როგორც ერთ-ერთი მუშა, მინდია ოკრიბელაშვილი ამბობს, გაფიცვის შემდეგ დამსაქმებლებისგან მუშები აგრესიას გრძნობდნენ.
ზვარეს მოსახლეობა და მუშები ითხოვენ, “23-ე ბიუროს ჯგუფმა” დატოვოს ობიექტი (მშენებარე რკინიგზა). მომხდარის გამო შეშფოთებას გამოხატავს ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლება და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს დროული და ეფექტური რეაგირებისკენ მოუწოდებს. მუშებმა და ზვარეს მცხოვრებლებმა 3 ნოემბერს ადგილზე გამართეს საპროტესტო აქცია. ზვარეში დასაქმებულების მხარდამჭერი აქცია-მსვლელობა 4 ნოემბერს თბილისშიც მოეწყობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი