მას შემდეგ, რაც პოპვარსკვლავმა მადონამ მოსკოვში 7 აგვისტოს გამართულ კონცერტზე პანკ ჯგუფ “Pussy Riot–ის” დაკავებული წევრების მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რუსეთში გაიზარდა აშშ–ის მოქალაქეებზე, თავად მომღერალსა და მის კონცერტზე მისულ ხალხზე თავდასხმის საფრთხე. აღნიშნულის შესახებ საკუთარ მოქალაქეებს სანქტ–პეტერბურგში აშშ–ის საკონსულო აფრთხილებს.
ტელეკომოპანია CNN–ის ცნობით, აშშ–ის გენერალურმა საკონსულომ მიიღო შეტყობინება, რომ შესაძლოა მოხდეს ფიზიკური ანგარიშსწორება სანქტ–პეტერბურგში დღეს, 9 აგვსიტოს, გასამართ მადონას კონცერტზე როგორც თავად შემსრულებლის, ისე კონცერტზე დამსწრეების მიმართ. ამის გამო რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა ზომები გააძლიერა. არ კონკრეტდება, ვისგან და რა ფორმით არის მიღებული მუქარის შეტყობინება.
“აშშ–ის მოქალაქეებს შევახენებთ, ყურადღებით მოეკიდონ საკუთარ უსაფრთხოებას და ასევე ყურადღებით დააკვირდნენ გარშემომყოფებს, განსაკუთრებით ხალხმრავალ ადგილებში”, – რუსეთში აშშ–ის საელჩოს განცხადებას ავრცელებს CNN. ტელეკომპანია ასევე აქვეყნებს მადონას პრესსპიკერის, ლიზ როზენბერგის კომენტარს. მისი განცხადებით, შესაძლო თავდასხმის შესახებ შემოსული შეტყობინების მიუხედვაად, მადონას კონცერტის განრიგში ცვლილებები არ შევა.
შეგახსენებთ, რომ სამშაბათს მოსკოვში გამართულ კონცერტზე მადონამ რამდენიმე წუთის მანძლზე ისაუბრა თავისუფლებაზე და “Pussy Riot”-ს მხარდაჭერა გამოუცხადა.
“მსოფლიოში ყველას აქვს სიტყვის თავისუფლება. მარია, კატია, ნადია, მე ვლოცულობ თქვენთვის. მათ ჩაიდინეს სიმამაცე და მე ვლოცულობ მათი თავისუფლებისთვის”,– თქვა პოპვარსკვლავმა.
პანკ–ჯგუფ “Pussy Riot”–ის წევრები მიმდინარე წლის გაზაფხულზე მოსკოვის საკათედრო ტაძარში შევიდნენ და პანკ–სიმღერა “ღვთისმშობელო განდევნე პუტინი” შეასრულეს, რის შემდეგაც ისინი დააკავეს. მომღერლებს რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ განაჩენს 17 აგვისტოს გამოუტანენ.