ახალი ამბები

პატრიარქის გარემოცვა პრეზიდენტთან ილია მეორეს კონფლიქტს უარყოფს

8 აგვისტო, 2012 • • 2963
პატრიარქის გარემოცვა პრეზიდენტთან ილია მეორეს კონფლიქტს უარყოფს

“ასეთი ინფორმაციის სერიოზულად განხილვა სრულიად შეუძლებელია,” – განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა “ნეტგაზეთთან” საუბარში. 

 

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 22 ივლისს ალავერდის მონასტერში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პატრიარქს დაუპირისპირდა, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა კახეთის საინფორმაციო ცენტრმა (ICK).  

 

ICK-ის ინფორმაციით, 22 ივლისს პატრიარქი და პრეზიდენტი ერთმანეთს ალავერდში, ეპისკოპოსის რეზიდენციაში მედიისთვის დახურულ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, როდესაც ილია მეორემ სააკაშვილი ტრაპეზზე მიიწვია. ანონიმური წყარო, რომელიც, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, აღნიშნულ შეხვედრაზე იმყოფებოდა, აღწერს, თუ რა მოხდა დახურულ შეხვედრაზე პატრიარქსა და პრეზიდენტს შორის:

 

„პატრიარქმა მიხეილ სააკაშვილი მოკრძალებულ ტრაპეზზე მიიწვია, მან კი ჯერ ექიმებს შეამოწმებინა საჭმელი, მერე კი პატრიარქს სუფრა დაუწუნა და უთხრა, რომ ეს პრეზიდენტის შესაფერი სუფრა არ იყო… პრეზიდენტმა პატრიარქი „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ხმამაღლა ყვიროდა. ძალიან გაბრაზებული იყო, პატრიარქს ხელიც კი მოჰკიდა, არაფერი შეგეშალოსო. დაცვა ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას“.

 

ალავერდელი მიტროპოლიტი, მეუფე დავითი 22 ივლისს ალავერდის მონასტერში იმყოფებოდა, როდესაც იქ საქართველოს პატრიარქი და პრეზიდენტი ჩავიდნენ. მიტროპოლიტი აცხადებს, რომ სააკაშვილსა და ილია მეორეს შორის მსგავსი რამ არ მომხდარა და დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

 

პატრიარქსა და პრეზიდენტს შორის ალავერდის მონასტერში 22 ივლისს სტუმრობის დროს რაიმე ინციდენტს გამორიცხავს ასევე პრეზიდენტის პრეს-სპიკერი მანანა მანჯგალაძე. მისი თქმით, პრეზიდენტისა და პატრიარქის ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობა უშუალოდ შეხვედრის ამსახველ ვიდეომასალაშიც ნათლად ჩანს.

 

სასულიერო პირებზე პოლიტიკური ნიშნით მუქარის შესახებ სიუჟეტი გუშინ, 7 აგვისტოს გადასცა ტელეკომპანია “მე-9 არხმა”. სიუჟეტში პატიოსანი ჯვრის ეკლესიის (“ჯვრისმამა”) წარმომადგენელი, დეკანოზი ტარიელ სიკინჭელაშვილი აცხადებს, რომ კოალიცია “ქართული ოცნების” მხარდაჭერის გამო ერთი თვის წინ მას დაემუქრნენ. ეს ინფორმაცია ტარიელ სიკინჭელაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბარშიც დაადასტურა.

 

“როცა დაიწყო პირველად ივანიშვილის მიტინგები, მაშინ ვღებულობდი დამაშანტაჟებელ მუქარის წერილებს. მათ მითხრეს, არ გირჩევთ ასე სიარულს, შეუფერებელი არისო. მე ვუთხარი, არჩევნი უკვე გაკეთებული მაქვს და თქვენი ჭკუის სწავლება არ მჭირდება-მეთქი”, – განაცხადა დეკანოზმა ტარიელ სიკინჭელაშვილმა.

 

მისივე თქმით, რომ არ ხორციელდებოდეს ზეწოლა, ყველა სასულიერო პირი მივიდოდა ივანიშვილის მიერ ორგანიზებულ მიტინგზე მხარდაჭერის ნიშნად.

 

ტარიელ სიკინჭელაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ გადაამოწმა ინფორმაცია, მართლაც ჰქონდა თუ არა ადგილი 22 ივლისს ალავერდის მონასტერში დაპირისპირებას პრეზიდენტსა და პატრიარქს შორის:

 

“გადავამოწმე იმ პიროვნებასთან, ვინც უშუალოდ ახლდა პატრიარქს, ასეთი რამე არ მომხდარა. ესენი არც ისეთი სულელები არიან, კარგად იციან, რომ ეგ თუ გაბედეს, ეს ქვეყანა ჩამოექცევათ თავზე”, – აცხადებს ტარიელ სიკინჭელაშვილი.

პატრიარქი და პრეზიდენტი
პატრიარქი და პრეზიდენტი

მასალების გადაბეჭდვის წესი