საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს სააგენტო “ივერონის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც უწყება ერთდროულად დატოვა 5 ათასმა პოლიციელმა.
“ეს არის ზღაპრული ფანტაზია”, – ასე აფასებს შსს–ს პრესსამსახურის უფროსი სალომე მახარაძე “ივერონის” ინფორმაციას.
საინფორმაციო სააგენტო “კულუარებზე” დაყრდნობით წერს, რომ შს სამინისტროს 5 000-მდე თანამშრომელს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაუწერია.
“ეს რომ იყოს რამდენიმე ადამიანი, განცხადებას დაუკმაყოფილებდნენ და კადრებსაც ჩაანაცვლებდნენ, მაგრამ საუბარია 5 000-მდე ადამიანზე, რომელთა გადადგომაც, ერთი მხრივ, ხმაურს გამოიწვევს, პოლიტიკურ სარჩულს შეიძენს და სამინისტროს იმიჯზეც იმოქმედებს, მეორე მხრივ კი, სამინისტროს მუშაობასაც შეაფერხებს. ესენი არიან ადამიანები, რომელთაც ბანკებიდან სესხები არ აქვთ აღებული, დანარჩენები კი, ვისაც ბანკთან ვალდებულებები აკისრიათ, ბუნებრივია, მათი შეჩერება უფრო მარტივია, მით უმეტეს, რომ ხელფასი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ამ გადინების შესაჩერებლად მინისტრმა პირველ ეტაპზე პრემიები გასცა, სექტემბრიდან კი მათ ხელფასების მომატებას დაპირდა”,- უყვება “ივერონს” წყარო.




