ახალი ამბები

მოსკოვში “საერთაშორისო ამნისტიას” ოფისში არ უშვებენ

3 ნოემბერი, 2016 • 1299
მოსკოვში “საერთაშორისო ამნისტიას” ოფისში არ უშვებენ

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია “საერთაშორისო ამნისტიის” მოსკოვის ოფისი, რომელიც კრემლს ადამიანის უფლებათა დარღვევაში ხშირად სდებდა ბრალს, 2 ნოემბრის შემდეგ დახურულია.  

მოსკოვის მერია ამბობს, რომ ორგანიზაციამ ქირის გადახდა დააგვიანა და სწორედ ეს გახდა ოფისის დახურვის მიზეზი, “ამნისტია” კი აცხადებს, რომ აქვს დოკუმენტები, სადაც ნათლად ჩანს, გადასახადებში ყველაფერი წესრიგშია და მათ ოქტომბრის დავალიანება დროულად დაფარეს.

“საერთაშორისო ამნისტიის” მოსკოვის ოფისის თანამშრომლებს სამსახურში მისვლისას ოფისის კარზე ბოქლომი დახვდათ, ელექტროენერგია — გათიშული. “ამნისტიის” ევროპის წარმომადგენლობის დირექტორი ჯონ დალჰუისენი მათი ოფისის დახურვას უკავშირებს კრემლის პოლიტიკას, რომელიც გამოიხატება მთავრობის მიმართ კრიტიკული ორგანიზაციების დახურვაში.

როგორც მოსკოვის ქონების მართვის სააგენტომ “როიტერსს” განუმარტა, მათ ორგანიზაციას გაუგზავნეს გაფრთხილებები დავალიანების შესახებ, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციამ მათ გაფრთხილებებს ყურადღება არ მიაქცია. “ამნესტი” ამ ინფორმაციას უარყოფს.

“საერთაშორისო ამნისტია”, რომელიც დიდ ბრიტანეთში დაფუძნდა, ხშირად აკრიტიკებს რუსეთის ხელისუფლებას ადამიანის უფლებათა დარღვევაში. მაგალითად, “ამნისტია” ხშირად ადანაშაულებს რუსეთსა და მის მოკავშირეებს სირიის დედაქალაქ ალეპოში სამხედრო მოქმედებებისას ბევრი უდანაშაულო მოქალაქის სიკვდილში, რასაც ოფიციალური მოსკოვი უარყოფს.

რუსეთის დატოვება ბოლო ორი წლის განმავლობაში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას მოუწია. რუსეთმა 2015 წელს მიიღო კანონი “რუსეთში არასასურველი ორგანიზაციების შესახებ”. ამ კანონის ძალით, მათ უკვე 7 ამერიკული არაკომერციული ორგანიზაცია მიიჩნიეს “არასასურველად”:

  • ფონდი ღია საზოგადოება (ე.წ “სოროსის ფონდი”- OSF);
  • საერთაშორისო ურთიერთობების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI);
  • ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის (NED);
  • OSI დახმარების ფონდი;
  • აშშ-ისა და რუსეთის ფონდი ეკონომიკური წინსვლისა და კანონის უზენაესობისათვის (USRF);
  • საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI);
  • მედიის განვითარების საინვესტიციო ფონდი (MDIF);

მასალების გადაბეჭდვის წესი