ახალი ამბები

მოწოდება თურქეთში შეჭრისკენ “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერის სახელით

3 ნოემბერი, 2016 •
მოწოდება თურქეთში შეჭრისკენ “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერის სახელით

ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” (ISIS) ლიდერმა, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ პირველი შეტყობინება გაავრცელა ერაყის სამთავრობო ძალებისა და მოკავშირეების მიერ ISIS-ის მთავარი ქალაქის, მოსულის ასაღებად დაწყებული ოპერაციების შემდეგ. ალ-ბაღდადი მებრძოლებს თურქეთში შეჭრისაკენ მოუწოდებს.

31-წუთიან აუდიომიმართვაში, რომელიც ხუთშაბათს, 3 ნოემბერს, გაავრცელეს “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა, დაჯგუფების ლიდერი, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი (ერაყელი იბრაჰიმ ალ-სამარაი) მოსულის მოსახლეობას მოუწოდებს, “უფლის მტრების წინააღმდეგ ჯიჰადი (საღვთო ომი) არ შეასუსტონ”. ასევე, თავიანთი ბრაზი თურქი მებრძოლებისკენ მიმართონ (თურქეთი ISIS-ს სირიაში უტევს) და ბრძოლის ველი თურქეთში გადაიტანონ.

საერთაშორისო გამოცემები და სააგენტოები 3 ნოემბრის შეტყობინებაზე წერენ, რომ ჯერჯერობით დაუზუსტებელია, ნამდვილად ეკუთვნის თუ არა მიმართვის ტექსტი ISIS-ის ლიდერს. წინა აუდიოშეტყობინება, რომელიც “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერისგან მსოფლიომ მოისმინა, 2015 წლის დეკემბერში გავრცელდა.

მოსულის ასაღებად ერაყის არმიისა და მისი მოკავშირეების ბრძოლა (როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო) ISIS-ის წინააღმდეგ 17 ოქტომბერს დაიწყო — კოალიცია აპირებს, ISIS-ის კონტროლირებადი სტრატეგიული ქალაქი მოსული აიღოს და ამით დაასრულოს ტერორისტული გაერთიანების ხალიფატი.

“ისლამური სახელმწიფოს” მიერ კონტროლირებულ მოსულში 1.5 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. მოსული ყველაზე დიდი ქალაქია, რომელიც ჯერ კიდევ “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლების მმართველობის ქვეშაა. 2014 წელს სწორედ მოსულში გამოაცხადა აბუ ბაქარ ალ-ბაღდადიმ ხალიფატის დაარსება ერაყსა და სირიაში – სახელმწიფოსი, რომელიც ისლამური წესებით იმართება. თუკი ერაყი ჩხრდილოეთ ნაინევის პროვინციის დედაქალაქ მოსულს აიღებს, ეს “ისლამური სახელმწიფოს” ეფექტური დამარაცხების ნიშანი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი