ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოლიდარობა საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ სამოქალაქო აქტივისტებს

3 ნოემბერი, 2016 • 1684
სოლიდარობა საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ სამოქალაქო აქტივისტებს

აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ დევნილი სამოქალაქო აქტივისტებისთვის საქართველოში ცხოვრების შეზღუდვასთან დაკავშირებით მოძრაობამ “მწვანე მუშტი” პეტიცია გაავრცელა:

“აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. საქართველოს მოქალაქეები პატივს ვცემთ მეზობელი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ არ გვაქვს უფლება აზერბაიჯანის საშინაო საქმეებში ჩარევისა. სამოქალაქო აქტივისტები მხარს ვუჭერთ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანასწორუფლებიანი და კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბებას. მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიამია დამკვიდრებული. ყველა ტიპის ძალაუფლებას ტოტალურად აკონტროლებს ერთი პოლიტიკური დაჯგუფება. შევიწროვებისა და დევნის პირობებში საქმიანობენ სამოქალაქო გაერთიანებების, ოპოზიციური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლები. ავტორიტარული რეჟიმის რეპრესიებს გამოქცეული დემოკრატები უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში საქართველოს აფარებდნენ თავს. ბოლო რამდენიმე თვეა საქართველოს მთავრობა მიგრაციის შესახებ კანონის მე-18 მუხლის გათვალისწინებით აზერბაიჯანელ აქტივისტებს უარს ეუბნება თავშესაფარზე და მათ ქვეყნის საფრთხედ აცხადებს”, – წერენ პეტიციის ავტორები.

პეტიციის ტექსტში ნათქვამია, რომ “სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიის გაძლიერებისა და მხარდაჭერისათვის საქართველოს ჯერჯერობით ერთადერთი ნაბიჯის გადადგმა შეუძლია. ჩვენ მხოლოდ იმის ძალა შეგვწევს, რომ დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის გამო დევნილ მოქალაქეებს თავშესაფარი მივცეთ”.

მიმართვის ავტორები მოითხოვენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ავტორიტარიზმის წინააღმდეგ მებრძოლ დემოკრატებს საქართველოში ცხოვრების უფლება არ ჩამოართვას, ასევე, მოითხოვენ “თავშესაფარს სამოქალაქო აქტივისტებისთვის და არა ფუნდამენტალისტებისა და ტერორისტებისათვის!სოლიდარობა აზერბაიჯანის დემოკრატიულ ოპოზიციას!”

საქართველოდან აზერბაიჯანელი ოპოზიციონერებისა და სამოქალაქო აქტივისტების გაძევების საკითხზე წერილი ნეტგაზეთში დამოუკიდებელი აზერბაიჯანული ტელეკომპანია meydan.tv-ს ჟურნალისტმა, გიუნელ მევლუდმა დაწერა. გიუნელ მევლუდი და მისი ქმარი ბოლო წლებში საქართველოში ცხოვრობდნენ, თუმცა, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხის არგუმენტით ოჯახმა ბინადრობის მოწმობა ვერ მიიღო. გუნელ მევლუდი და მისი ოჯახი იძულებული გახდნენ საქართველო ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოს დახმარებით დაეტოვებინათ. მსგავს ვითარებაში არიან ამჟამად საქართველოში მცხოვრები სხვა აზერბაიჯანელი აქტივისტები.

მასალების გადაბეჭდვის წესი